საქართველოში ოფიციალური ვიზიტით ნატოს მაღალი რანგის ექსპერტთა ჯგუფი იმყოფება. დელეგაციას აშშ-ის ევროპული სარდლობის ლოგისტიკური მიმართულების დირექტორი, ადმირალ ლი სინგლეტონის ხელმძღვანელობს. უცხოელ სტუმრებს საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსმა უმასპინძლა. შეხვედრას თავდაცვის მინისტრის პირველი მოადგილე დავით ებრალიძე და უწყების სხვა წარმომადგენლები დაესწრნენ.
ვიზიტის მიზანი ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის (SNGP) იმპლემენტაციის პროცესში ლოგისტიკური შესაძლებლობების შეფასებაა.
გენერალური შტაბის უფროსმა ვიზიტი დადებითად შეაფასა და ლოგისტიკური მიმართულებით პარტნიორების მხარდაჭერის მნიშვნელობაზე ისაუბრა: „საქართველოს შეიარაღებული ძალებისთვის ნატოს ნებისმიერი დელეგაციის სტუმრობა ძალიან მნიშვნელოვანია. მოხარული ვარ, რომ ვმასპინძლობთ ასეთ წარმომადგენლობით დელეგაციას ამერიკელი პარტნიორების ხელმძღვანელობით, რომლებსაც ლოგისტიკის მიმართულებით წამყვანი როლი აქვთ არსებითი პაკეტის იმპლემენტაციის პროცესში. მათი ვიზიტის მიზანია, კიდევ ერთხელ ნახონ ლოგისტიკის განვითარების მიმართულებით შესრულებული საქმე, ამავე დროს დასახონ მომავალი გეგმები და დაეხმარონ საქართველოს შეიარაღებულ ძალებს ლოგისტიკური ინფრასტრუქტურის განვითარების საკითხებში, რაც გამოადგება როგორც საქართველოს, ასევე ჩვენს პარტნიორ ქვეყნებს“, - განაცხადა გენერალ-მაიორმა ვახტანგ კაპანაძემ.
„საქართველოში ვიმყოფები, როგორც აშშ-ის ევროპული სარდლობის გერმანული მხარის წარმომადგენელი. მომდევნო დღეების განმავლობაში შეხვედრების გამართვას ვგეგმავთ თავდაცვის სამინისტროში, სადაც ნატოს უელსის სამიტის ინიციატივებისა და ნატო-საქართველოს არსებით პაკეტის განხორციელების საკითხებზე ვისაუბრებთ. საქართველოში ჩემი ვიზიტის მიზანია, განვიხილოთ ქვეყნის შეიარაღებული ძალების ლოგისტიკური შესაძლებლობები და მისი გაუმჯობესების გზები. ასევე, ვისაუბრებთ, თუ როგორ განვავითაროთ ლოგისტიკური შესაძლებლობები პარტნიორი ქვეყნების მონაწილეობით სწავლებების ჩასატარებლად. საქართველოს შეიარაღებული ძალების ერთ-ერთი მთავარი უპირატესობაა, უზრუნველყოს სწრაფი გადაადგილება საბრძოლო მოქმედებების თეატრში და დახმარება გაუწიოს პარტნიორ ქვეყნებს სტიქიური უბედურებებისა და ჰუმანიტარული დახმარების კუთხით. ჩვენ, სწორედ, ის გუნდი გვყავს, რომელიც შეძლებს ამის გაკეთებას. ჩვენს გუნდში შედიან წარმომადგენლები გერმანიიდან, ბელგიიდან უნგრეთიდან, ასევე კონტრაქტორებიც. მომდევნო რამდენიმე დღის განმავლობაში ვიმსჯელებთ საქართველოს ლოგისტიკური შესაძლებლობების განვითარებაზე“, - აღნიშნა დელეგაციის ხელმძღვანელმა.
უწყების ინფორმაციით, ერთკვირიანი ვიზიტის ფარგლებში უცხოელი სტუმრები ლოგისტიკური სამსახურების ხელმძღვანელებს შეხვდებიან.