საქართველოს თავდაცვის სამინისტროში უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის საკითხები განიხილეს. საქართველოს თავდაცვის მინისტრმა თინათინ ხიდაშელმა უწყებაში დიდი ბრიტანეთის მთავრობის მრჩეველს უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის საკითხებში სერ გარი ჯონსონს, დიდი ბრიტანეთის ელჩს საქართველოში ალექსანდრა ჰოლ ჰოლსა და საელჩოს მეორე მდივანს კრის გოფის უმასპინძლა.
შეხვედრაზე საუბარი შეეხო სახელმწიფო უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის საბჭოს ეროვნული სიტუაციური ოთახის გახსნის საკითხს, რომელიც დიდი ბრიტანეთის მთავრობის მხარდაჭერითა და ბრიტანულ მოდელზე დაფუძნებით შეიქმნა.
„სერ გარი ჯონსონი ამ პროექტის ერთ-ერთი მთავარი მრჩეველი და კონსულტანტი იყო. ქვეყნის უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვისთვის, სწორედ, ასეთი წერტილების გაჩენა არის უმნიშვნელოვანესი. აქ ხდება სრული კოორდინაცია, ინფორმაციის თავმოყრა და არის საშუალება, რომ ყველა უწყებამ, რომელიც ამა თუ იმ კრიზისის მართვაშია ჩართული, კოორდინირებულად, ერთი სიგნალის რეჟიმში იმუშაოს. ეს ამცირებს დროს გადაწყვეტილების მიღებისთვის და ქმნის რეალურ დროში ვითარებაზე დაკვირვების და რეალურ ადგილზე გადაწყვეტილების მიღების შესაძლებლობას. დღევანდელ შეხვედრაზე საუბარი გვქონდა, თუ როგორ უნდა განხორციელდეს კრიზისების მართვა ამ სქემის მიხედვით; ასევე უნდა დავიწყოთ დისკუსია იმისათვის, რომ ეროვნული სიტუაციური ოთახი უფრო მაღალი ხარისხის საფრთხეებთან მიმართებაშიც იყოს გამოყენებული,“ - განაცხადა საქართველოს თავდაცვის მინისტრმა შეხვედრის დასრულების შემდეგ.