საქართველოს თავდაცვის მინისტრმა თინათინ ხიდაშელმა საზოგადოებრივი მაუწყებლის პირდაპირ ეთერში „მოამბის“ კითხვებს უპასუხა. თავდაცვის მინისტრის ჩართვა ძირითადად საქართველოს ნატოში გაწევრიანების პერსპექტივებს შეეხო.
„საქართველოს ამოცანა და მიზანი არ არის MAP (გაწევრიანების სამოქმედო გეგმა). ჩვენ, ქართული სახელმწიფო არ ვითხოვთ MAP-ს და არ ვსაუბრობთ MAP-ზე. ჩვენი ამოცანა ძალიან მარტივია - ეს არის წევრობა,“ - აღნიშნა თინათინ ხიდაშელმა.
გადაცემის წამყვანის ვასილ ივანოვ-ჩიქოვანის შეკითხვაზე, რომელიც რუსეთის მხრიდან საქართველოს ნატოში გაწევრიანების დაბლოკვას შეეხო, თავდაცვის უწყების ხელმძღვანელმა პასუხი შვედეთისა და ფინეთის მაგალითით გასცა.
„ხვალ შვედეთმა და ფინეთმა, სადაც საუბრებია დაწყებული, რომ გადაწყვიტოს ნატოს წევრობა, ფიქრობთ, რომ მას ჯერ MAP-ს შესთავაზებენ და შემდეგ წევრად მიიღებენ? პირველ რიგში ამ კითხვაზეა პასუხი გასაცემი. არსებობს რეალობები. ეს რეალობები იცვლება იმის მიხედვით, როგორც იცვლება გარემო. შვედეთთან და ფინეთთან მიმართებაში იმიტომ არის განსხვავებული რეალობა, რომ გარემოა განსხვავებული. ჯეიმს აპატურაიმ ძალიან გასაგებად, ნათლად, დამარცვლით თქვა საკუთარ ინტერვიუში, რომ გეოპოლიტიკური ვითარების ცვლილების შესაბამისადო. ამიტომ, ნუ გამოვეკიდებით ფანტომებს, ნუ გამოვეკიდებით იმას, რაც არ არის ქვეყნის ამოცანა. არ არის ჩვენი ოცნება და ამოცანა MAP-ის მიღება. ჩვენ დღეს უნდა ვემზადოთ იმისთვის, რომ ხვალ, როდესაც გაიხსნება ეს ფანჯარა და აუცილებლად გაიხსნება ეს ფანჯარა საქართველოსთან მიმართებაში, ზუსტად ისე, როგორც გაიხსნა ბალტიისპირეთთან, პოლონეთთან, ჩეხეთთან მიმართებაში, ასევე გაიხსნება საქართველოსთან მიმართებაში. კარს არავინ გაგვიღებს, რუსეთი ამას არასდროს დათანხმდება, მაგრამ ფანჯარა აუცილებლად გაიღება. ამიტომ, ჩვენი ამოცანა არის ის, რომ ყველაფერი გავაკეთოთ ქართულმა სახელმწიფომ, ერთის მხრივ და პარტნიორებმა მხარდაჭერის ფარგლების, პარამეტრების, შესაძლებლობების გაზრდაში დახმარების თვალსაზრისით, რომ ნებისმიერ წამს, როდესაც გეოპოლიტიკური სურათი შეიცვლება, საქართველო მზად იყოს ამ ფანჯარაში შესასვლელად,“ - განაცხადა თინათინ ხიდაშელმა.