საზოგადოებრივი მაუწყებლის საინფორმაციო გადაცემაში „მოამბე“ საქართველოს თავდაცვის მინისტრმა პირდაპირი ჩართვისას ვარშავაში დაგეგმილი ნატოს სამიტის მოლოდინებზე გაამახვილა ყურადღება.
„ველოდები, რომ ვარშავიდან საქართველოს თავდაცვისუნარიანობა უფრო ძლიერი პოზიციებით იქნება გამყარებული. ჩვენ გვექნება უფრო მეტი პრაქტიკული ინსტრუმენტი, მეტი თავდაცვისუნარიანობისსაშუალებები, უფრო მეტი პოლიტიკური და პრაქტიკული მხარდაჭერაც. ამას ყველანი ძალიან კარგად ნახავთ სულ რამდენიმე თვეში იმ საერთაშორისო წვრთნების დროს, რომელიც საქართველოში გაიმართება. შარშან პირველი წელი იყო, როდესაც საქართველოს რეალობისთვის სრულიად უპრეცედენტო წვრთნები ჩატარდა ჯერ მაისში, შემდეგ ივნისში. 2016 წელი კიდევ უფრო უხვმოსავლიანი იქნება ამ თვალსაზრისით. რაც შეიძლება მეტი ნატოს სამხედრო მოსამსახურე საქართველოში ჩვენი ჯარის მხარდასაჭერად, ჩვენი ჯარის გასაძლიერებლად, უფრო მეტი სწავლებებისთვის. რაც შეიძლება უფრო მეტი თანამედროვე ტექნიკა, რომელთანაც წვდომა ექნებათ ჩვენს სამხედროებს და შესძლებენ, რომ ეს წვრთნები გაიარონ XXI საუკუნის საშუალებებით და რაც შეიძლება უფრო მეტი პოლიტიკური სტრუმრიანობა ქვეყანაში იმისათვის, რომ არავის მეორე აზრი არ გაუჩნდეს, როდესაც საქართველოზე დაფიქრდება,“ - განაცხადა თინათინ ხიდაშელმა „მოამბეში“ პირდაპირი ჩართვისას.