იუსტიციის უმაღლესი საბჭო დღეს სხდომას გამართავს, სადაც შესაძლოა საბჭოს წევრებმა იმ სკანდალურ დოკუმენტებზე იმსჯელონ, რომელიც გასულ დღეებში თბილისის საქალაქო სასამართლოს თავჯდომარემ მამუკა ახვლედიანმა გაასაჯაროვა.
მამუკა ახვლედიანმა არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს ის დოკუმენტაცია გააცნო, რომლითაც დასტურდება, რომ მოსამართლეთა საკვალიფიკაციო გამოცდების წინ ერთ-ერთმა კონკურსანტმა საგამოცდო ტესტების პასუხები წინასწარ იცოდა.
არ არის გამორიცხული, რომ დღეს სხდომაზე თანამდებობიდან ახვლედიანის გადაყენების საკითხზეც იმსჯელონ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ხელმძღვანელის მიმართ უკვე დაწყებულია დისციპლინარული დევნა.
იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანმა ლევან მურუსიძემ მამუკა ახლედიანის მიერ დოკუმენტების გასაჯაროების შემდეგ განაცხადა, რომ მოსამართლეთა სატესტო მასალების წინასწარ გამჟღავნებაზე მოკვლევას კარგა ხანია, პირადად აწარმოებს. მან ასევე აღნიშნა, რომ ამ ინფორმაციის ვადაზე ადრე გამჟღავნება არასწორად მიაჩნია.
"მინდოდა, როცა დასრულდებოდა მოკვლევა შემდეგ მოფენოდა ყველაფერს ნათელი, ეტყობა ამით ვიღაც ცდილობს, რომ თავდაცვის რეჟიმში ჩადგეს. გარკვეული საკითხები, რომელზეც საბჭო მუშაობს და რომელიც შეიძლება გარკვეულ პირებს შეეხოთ, ამიტომ ვიღაც თავდაცვით ჯავშანს იკეთებს, რომ რეალურად ვითომ ვიღაც არის გარკვეულ საკითხებზე მებრძოლი", - განაცხადა მურუსიძემ.