საქართველოს თავდაცვის მინისტრის მოადგილე ანა დოლიძე რუმინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს სტრატეგიულ საქმეთა სახელმწიფო მდივანს, დალიენ იონიცსა და სლოვაკეთის საგარეო და ევროპულ საკითხთა სახელმწიფო მდივანს იგორ სლობოდნიკს შეხვდა.
ორმხრივ შეხვედრებზე მხარეებმა ქვეყნებს შორის თანამშრომლობის არსებული საკითხები განიხილეს. ყურადღება გამახვილდა NATO-ს ვარშავის სამიტსა და საქართველოს ევროატლანტიკურ მისწრაფებებზე. სტუმრებმა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მიმართ მხარდაჭერა გამოხატეს და საქართველოს NATO-ს ვარშავის სამიტზე თანადგომა აღუთქვეს.
„რუმინეთი და სლოვაკეთი ჩვენი სტრატეგიული პარტნიორები და ნატოში ჩვენი მიღების მთავარი ადვოკატები არიან. შესაბამისად, მათთან ხშირი კონტაქტი ძალიან მნიშვნელოვანია. განვიხილეთ სტრატეგიულად მნიშვნელოვანი საკითხები, თუ როგორ ვახერხებთ არსებითი პაკეტის იმპლემენტაციას, რა ტიპის მხარდაჭერა გვჭირდება მათი ქვეყნებისგან. შეხვედრებით ძალიან კმაყოფილები ვართ. დღევანდელი შეხვედრები ამ ქვეყნებთან ჩვენს გრძელვადიან თანამშრომლობაში ერთ-ერთი ნაბიჯი იყო“, - განაცხადა ანა დოლიძემ.
რუმინეთისა და სლოვაკეთის წარმომადგენლებთან სასტუმრო „ჰოლიდეი ინში“ გამართულ შეხვედრებს საერთაშორისო ურთიერთობების საკითხებში თავდაცვის მინისტრის მრჩეველი შოთა ღვინერია დაესწრო.