ქვემო ქართლის ყოფილი გურერნატორის დავით კირკიტაძის ძმა ირაკლი კირკიტაძე 5 000-ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლეს.
თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დიდუბე-ჩუღურეთის სამმართველოს 1-ელი განყოფილების თანამშრომლებმა, ოპერატიულ-საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, 1979 წელს დაბადებული ირაკლი კირკიტაძე ხულიგნობის ბრალდებით გასულ თვეს დააკავეს.
გამოძიების ინფორმაციით, დაკავებულმა თბილისში, დიღმის მასივის მე-5 კვარტალში, უხეშად დაარღვია საზოგადოებრივი წესრიგი, სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა მოქალაქეს და თავის არეში ცეცხლსასროლი იარაღი ჩაარტყა, რითაც ჯანმრთელობის დაზიანება მიაყენა.
"კირკიტაძის ოჯახის წევრი გარდაბნის არჩევნების წინ ხელისუფლებას მძევლად ჰყავდა აყვანილი. მისი დაკავების საბაბი მოქმედი პოლიციელის მხრიდან ჩადებილი პროვოკაცია გახდა. ბიძინა ივანიშვილს უნდა ესმოდეს, რომ ოჯახის წევრების ციხეში ჩასმა, საარჩევნო უბნებზე იარაღით ზონდერების სირბილი, მას ხელისუფლებას ვერ შეუნარჩუნებს. ის, რაც შესაძლებელი იყო ერთ ოლქში, შეუძლებელი იქნება მთელს საქართველოში 2016 წლის ოქტომბერში. ოქტომბერში "ოცნება" უნდა დავამთავროთ", - აცხადებს ნადირაშვილი.