საქართველოს თავდაცვის უწყებას თურქეთის რესპუბლიკის შეიარაღებული ძალების უმაღლესი მართვის აკადემიის მსმენელთა ჯგუფი ეწვია. დელეგაციის შემადგენლობაში მაღალი რანგის თურქი ოფიცრები არიან. სტუმრებს თავდაცვის მინისტრის მოადგილე ანა დოლიძე და გენერალური შტაბის უფროსის პირველი მოადგილე, პოლკოვნიკი ომარ ბეგოიძე შეხვდნენ. გაცნობითი ხასიათის შეხვედრაზე მხარეებმა საქართველოსა და თურქეთის რესპუბლიკას შორის თავდაცვის სფეროში არსებულ ორმხრივ თანამშრომლობასა და სამომავლო პერსპექტივებზე ისაუბრეს.
უწყების ინფორმაციით, ანა დოლიძემ ორ ქვეყანას შორის თავდაცვის სფეროში მჭიდრო თანამშრომლობის მნიშვნელობაზე ისაუბრა და იმედი გამოთქვა, რომ მომავალში ეს თანამშრომლობა უფრო გაღრმავდება.
„თურქეთი ჩვენი სტრატეგიული პარტნიორია როგორც სამხედრო, ასევე დიპლომატიური კუთხით. ძალიან მჭიდრო ურთიერთობა გვაქვს, ერთობლივ სწავლებებს ვატარებთ, ერთმანეთს გამოცდილებას ვუზიარებთ, ვთანამშრომლობთ განათლების სფეროში.
დღეს ჩვენთან იყვნენ სტუმრები, რომლებიც თურქეთში სამხედრო სფეროში ლიდერები ან მომავალი ლიდერები არიან. ისინი საქართველოს სამხედრო დაწესებულებებსა და სასწავლებლებს მოივლიან. მნიშვნელოვანია ამ ტიპის ინფორმაციის გაცვლა და მათთვის ჩვენება, თუ რა არის საქართველო“, - განაცხადა თავდაცვის მინისტრის მოადგილემ.
სამხედრო სფეროში თანამშრომლობასა და რეგიონის უსაფრთხოების საკითხზე გაამახვილა ყურადღება გენერალური შტაბის უფროსის მოადგილემ.
„ჩვენი თანამშრომლობა წლებია ვითარდება და სხვადასხვა სფეროს, განათლებას, ერთობლივ სწავლებებს, ტექნიკურ მხარდაჭერას მოიცავს; ჩვენ ასევე ვისაუბრეთ ნატო-საქართველოს არსებით პაკეტზე და მიმოვიხილეთ რეგიონში არსებულ უსაფრთხოების გარემო“, - აღნიშნა პოლკოვნიკმა ომარ ბეგოიძემ.
სამდღიანი ვიზიტის ფარგლებში თურქული დელეგაცია ეროვნულ სასწავლო ცენტრ „კრწანისსა“ და დავით აღმაშენებლის სახელობის საქართველოს ეროვნულ თავდაცვის აკადემიას ესტუმრება.