ნატო-საქართველოს ინტენსიური ურთიერთობები და ვარშავის სამიტის მოლოდინები ის თემებია, რომლებზეც საქართველოს თავდაცვის მინისტრმა საზოგადოებრივი მაუწყებლის საზოგადოებრივ-პოლიტიკურ თოქ-შოუს „ვექტორი“ პირდაპირი ჩართვისას ხაზგასმით ისაუბრა. გადაცემის მთავარი თემაც სწორედ საქართველოს ევროატლანტიკური არჩევანი იყო.
როგორც თინათინ ხიდაშელმა აღნიშნა, მაპი არ არის საქართველოს ამოცანა, მაპი გავლილი ეტაპია. „საქართველოს დღეს გაცილებით უფრო მეტი ინსტრუმენტი აქვს. 2015 წლის დეკემბრის მინისტერიალის შემდეგ საქართველო გაცილებით უფრო მაღალ სტატუსშია, ვიდრე რამდენიმე წლის წინ, როცა მაპი ჩვენი მთავარი ამოცანა იყო. საქართველო ერთადერთი ქვეყანაა, რომელსაც ნატომ ერთი თვის წინ უთხრა, რომ მას აქვს ყველა ინსტრუმენტი წევრობისთვის მოსამზადებლად. ასეთი განცხადება არცერთ ქვეყანასთან მიმართებაში არ გაკეთებულა. ჩვენი მთავარი ამოცანა ვარშავის სამიტზე არის ის, რომ ვარშავიდან ჩვენი თავდაცვისუნარიანობის სისტემა ინსტრუმენტალურ დონეზე გაცილებით უფრო ძლიერი გამოვიდეს, ვიდრე იყო მანამდე. უფრო უკეთესად იყოს ჩვენი ქვეყანა დაცული, ვიდრე მანამდე,“ - განაცხადა საქართველოს თავდაცვის მინისტრმა პირდაპირი ჩართვისას.
თინათინ ხიდაშელმა ასევე აღნიშნა, რომ ბოლო ერთი წლის განმავლობაში ნატო-საქართველოს ურთიერთობები ინტენსიურ ფაზაში შევიდა. ამ ურთიერთობის ნათელ მაგალითად მან გასული წლის აგვისტოში ნატო-საქართველოს ერთობლივი წვრთნისა და შეფასების ცენტრის (JTEC) ინაუგურაცია დაასახელა. „ეს არ იყო ერთჯერადი აქტი, რომელიც ბატონი სტოლტენბერგის ჩამოსვლით შემოიფარგლებოდა და სპეციალურად ამ ჩამოსვლას მიეძღვნა. თარიღი ასე დაემთხვა, მაგრამ ამოცანა გრძელვადიანია. წვრთნები და შეფასება, რომელსაც JTEC მოემსახურება, იქნება როგორც ქართველი სამხედრო მოსამსახურეების და საქართველოს შეიარაღებული ძალების სამხედო შენაერთებისთვის, ასევე პარტნიორი ქვეყნების სამხედრო მოსამსახურეებისთვის და სამხედრო შენაერთებისთვის. ეს თავისთავად ნიშნავს იმას, რომ გაცილებით უფრო მეტ წვრთნას ვნახავთ ჩვენ ქართულ მიწაზე და გაცილებით უფრო მეტი ჩვენი პარტნიორი ქვეყნის სამხედრო მოსამსახურეს, მათ ტექნიკას. სრულფასოვანი, 21-ე საუკუნის საფრთხეების შესაბამისი წვრთნები ნიშნავს იმას, რომ წვრთნაში მონაწილე ჯარისკაცებს უნდა ჰქონდეთ წვდომა შეიარაღების თანამედროვე შესაძლებლობებთან,“ - განაცხადა თავდაცვის მინისტრმა თოქ-შოუში „ვექტორი“.