„თავდაცვის სამინისტრო განსაკუთრებულ რეჟიმში მუშაობს და, რა თქმა უნდა, უნდა ვიმუშაოთ კიდეც. საკითხის ფაქტობრივი მხარე ყველას აინტერესებს, მაგრამ რეალობას თუ თვალს გავუსწორებთ, ალბათ, მყარი შედეგები უახლოეს დღეებში არ იქნება, რადგან, ნამდვილად არ ვიცით, რამდენად სწრაფად გამოგვეხმაურებიან ცენტრალური აფრიკის უწყებები და გაეროს უწყება, რომელმაც ეს ანგარიში მოამზადა“,- განაცხადა საქართველოს თავდაცვის მინისტრის მოადგილემ ანა დოლიძემ ტელეკომპანია „იმედის“ თოქ-შოუ „პოლიტიკის“ ეთერში გაეროს ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისრის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაზე საუბრისას.
თავდაცვის მინისტრის მოადგილის განცხადებით, მისიაში მონაწილე ქართველი სამხედროებისთვის წაყენებული ბრალდება საკმაოდ მძიმეა და ინფორმაცია, რომელიც დღეისთვის არსებობს, ამ ბრალდებისთვის საკმაოდ მწირია.
„საკმაოდ მძიმე ბრალდებაა, განსაკუთრებით როდესაც ეს ბრალდება ეხება შეიარაღებულ ძალებს, სადაც მუშაობს ძალიან ბევრი წესიერი და პატიოსანი ადამიანი, რომლებიც მრავალი წლის განმავლობაში მსახურობენ მისიებში და საქართველოს ტერიტორიაზე... ამ შემთხვევაში საუბარი გვაქვს ინფორმაციაზე, რომელიც მოცემულია ერთ აბზაცში, მოვლენებზე, რომლებსაც წელიწადზე მეტი ხნის წინ საქართველოდან რამდენიმე ათასი კილომეტრის დაშორებით მოხდა. ამ აბზაცში ნათქვამია, რომ არსებობს რამდენიმე არასრულწლოვანი ადამიანის ჩვენება, თითქოსდა მათთან ჰქონდათ სექსუალური ძალმომრეობითი კავშირი იქ მყოფ სამხედრო მოსამსახურეებს, ნახსენები არიან ქართველი სამხედროები. ეს ანგარიში საჯაროა. მაგრამ, ეს ინფორმაცია ძალიან ცოტაა იმისთვის, რომ მყისიერი შედეგი დადო და გამოავლინო ვინმე რამე დანაშაულის ჩადენაში. სამინისტროში დღეს არის ის ხელმძღვანელობა, რომელმაც ძალიან კარგად იცის ასეთი ფაქტების გამოვლენა და იმ ადამიანების გვერდით დგომა, ვის მიმართაც ადრე ძალადობა ხორციელდებოდა“,- განაცხადა ანა დოლიძემ და აღნიშნა, რომ საქართველოს თავდაცვის სამინისტროსთვის სიმართლის დადგენა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რადგან უწყებას საერთაშორისო დონეზე კარგი რეპუტაცია აქვს და ეს ახლახან ნატოს გენერალური მდივნის იენს სტოლტენბერგის მიერ გამოქვეყნებული ანგარიშითაც დასტურდება, რომელშიც სამინისტროს მიღწევებზეა საუბარი.