თებერვალში დაგეგმილი ნატო-ს თავდაცვის მინისტერიალის ფარგლებში, ალიანსის წევრი ქვეყნების მინისტრების ვახშამზე
საქართველო პირველად არის მიწვეული, - ამის შესახებ თავდაცვის მინისტრმა მთავრობის დღევანდელი სხდომის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებთან განაცხადა.
თინა ხიდაშელის განცხადებით, ეს არის ერთ-ერთი ოფიციალური ფორმატი, სადაც ჩვენ არასოდეს მიწვეული არ ვყოფილვართ.
,,არცერთი არაწევრი ქვეყანა მიწვეული არ ყოფილა. ეს არის ერთ-ერთი ჟესტი იმის, რომ კლუბის წევრი ხარ, მათიანი ხარ და ასეთ არაფორმალურ ღონისძიებებზეც კი, სადაც ძირითადი საკითხები თანხმდება, უკვე მოგვცეს შესაძლებლობა, რომ მონაწილეობა მივიღოთ. ბევრი ასეთი რამ ხდება ნატო-საქართველოს ურთიერთობაში, რომელიც შეიძლება, ერთი შეხედვით პატარა და უმნიშვნელო ჩანს, მაგრამ მუდმივმოქმედ რეჟიმში ადასტურებს იმას, რომ მათიანი ხარ და ის პარტნიორი ხარ, რომელსაც შიდა დისკუსიებშიც კი აღებინებენ მონაწილეობას", - განაცხადა მინისტრმა.
მისივე თქმით, ბოლო პერიოდში ნატო-ს პრაქტიკულად ყველა მინისტერიალი ეძღვნება მტკიცე მხარდაჭერის მისიას (RSM), ISIS-ისგან მომავალ საფრთხეებს და არც ეს მინისტერიალი იქნება გამონაკლისი. ხიდაშელის ინფორმაციით, მინისტერიალის ფარგლებში, ასევე, გაიმართება ნატო-საქართველოს კომისიის სხდომა.