ქუთაისში, კადეტთა სამხედრო ლიცეუმში თავდაცვის სამინისტროს სტრატეგიული კომუნიკაციების დეპარტამენტის ხელმძღვანელი გიორგი მოლოდინი პროექტის - „ლექციები ჯარში“ მონაწილე საგანმანათლებლო დაწესებულებების ხელმძღვანელებს შეხვდა. შეხვედრას დასავლეთ სარდლის მოვალეობის შემსრულებელი, ვიცე-პოლკოვნიკი ზვიად ჩადუნელი და სხვა მაღალი რანგის სამხედრო მოსამსახურეები დაესწრნენ. მხარეებმა გასულ წელს დაწყებული თანამშრომლობის ფარგლებში ჩატარებული ლექციების შედეგები შეაჯამეს და ახალ სამოქმედო გეგმაზე იმსჯელეს.
„აღნიშნული პროექტი სამოქალაქო თანამშრომლობის საუკეთესო მაგალითია, რამდენადაც თანამედროვე მსოფლიოში გამოწვევების ადეკვატური პასუხისთვის მხოლოდ აღჭურვილობა და შეიარაღება საკმარისი არ არის. დღეს ყველაზე ეფექტური ჯარისკაცი არის ყველაზე განათლებული ჯარისკაცი. პროექტში მონაწილე უნივერსიტეტები, საგანმანათლებლო დაწესებულებები კიდევ ერთხელ, ძალიან ნათლად ამტკიცებენ, რომ ჯარი არის საზოგადოების საუკეთესო და განუყოფელი ნაწილი და ადასტურებენ იმას, რომ ერთად ყველაფერი გამოგვივა“, - აღნიშნა გიორგი მოლოდინმა.
2015 წლის 24 ივლისს საქართველოში მოქმედი საგანმანათლებლო დაწესებულებების ხელმძღვანელებს საქართველოს თავდაცვის მინისტრი და მინისტრის მოადგილეები შეხვდნენ. შეხვედრა თავდაცვის სამინისტროს საგანმანათლებლო დაწესებულებების უნივერსიტეტებთან ნაყოფიერი თანამშრომლობის განვითარებას და მათი ცოდნისა და გამოცდილების სათანადოდ გამოყენებას ისახავდა მიზნად. საგანმანათლებლო დაწესებულებების ხელმძღვანელებმა ჯარისკაცების განათლების საკითხებში ჩართვისა და სამინისტროსთან აქტიური კომუნიკაციის შენარჩუნებისთვის მზადყოფნა გამოთქვეს. პროექტი „ლექციები ჯარში“, სწორედ, აღნიშნული ინიციატივის განხორციელების მიზნით შემუშავდა.
პროექტის ფარგლებში გასულ წელს დასავლეთის ოპერატიული სარდლობის სტრუქტურული ქვედანაყოფების 150-მა სამხედრო მოსამსახურემ ლექციები უკვე მოისმინა და დამატებითი ცოდნა შეიძინა ისეთ საკითხებზე, როგორებიცაა: საბრძოლო ხელოვნების ისტორია, საბრძოლო სტრატეგია და ტაქტიკა, ბირთვული იარაღი და საერთაშორისო უსაფრთხოება. პროექტში ჩართული იყო ბათუმის შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტი და სსიპ სასწავლო უნივერსიტეტი - ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემია.
მიმდინარე წლიდან პროექტში ქუთაისის აკაკი წერეთლის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტი, შოთა მესხიას სახელობის ზუგდიდის სახელმწიფო უნივერსიტეტი და ბათუმის ნავიგაციის ინსტიტუტი ჩაერთნენ.
პროექტი ხელს უწყობს სამხედრო-სამოქალაქო თანამშრომლობის გაძლიერებასა და სამხედრო მოსამსახურეების განათლების დონის კიდევ უფრო ამაღლებას.