საქართველოს შეიარაღებულ ძალებში პისტოლეტის სისტემის სამსახურებრივ-საშტატო (9 მმ-იანი) იარაღიდან სროლაში პირველობა გაიმართა. ღონისძიება გენერალური შტაბის ტერიტორიაზე არსებულ ტირის ბაზაზე ჩატარდა და მასში მონაწილეობისთვის საქართველოს შეიარაღებული ძალების თითოეული ქვედანაყოფიდან ორი საუკეთესო მსროლელი შეირჩა.
ჩემპიონატში 40 სამხედრო მონაწილეობდა. ტურნირში სამხედროები პირველობისთვის ორ სახეობაში - სპორტულ და ტაქტიკურ სროლებში ეჯიბრებოდნენ. შეჯიბრებას სპეციალურად შერჩეული ინსტრუქტორთა ჯგუფი აკვირდებოდა. მონაწილეები კი სრულყოფილად შესრულებული დავალების, სროლის შედეგების და ასპარეზობის დროის მიხედვით შეფასდნენ.
გამარჯვებულები სამ საპრიზო კატეგორიაში გამოვლინდნენ. მე-2 და მე-3 ადგილებზე გასულ სამხედროებს შესაბამისი მედლები, ხოლო, პირველადგილოსანს მედლებთან ერთად ჩემპიონატის თასიც გადაეცა.
ტურნირის გამარჯვებული ორივე სახეობაში გახდა სპეციალური ოპერაციების ძალების ოფიცერი დავით ლობჟანიძე. მეორე ადგილზე სახმელეთო ჯარების შტაბის ოფიცერი ნიკოლოზ გაბუნია (სპორტული სროლა) და პირადი დაცვის სამმართველოს სერჟანტი გიორგი გოგოლაური (ტაქტიკური სროლა) გავიდნენ; მესამე ადგილის მფლობელები კი სპეციალური ოპერაციების ძალების სერჟანტი რამაზ ზაქაიძე (სპორტული სროლა) და სამხედრო პოლიციის აღმოსავლეთ ბატალიონის ოფიცერი ილიკო ქიზიყურაშვილი (ტაქტიკური სროლა) გახდნენ.