ეროვნულ სასწავლო ცენტრ „კრწანისში“ ლოგისტიკის სპეციალისტთა და უმცროს ოფიცერთა მომზადების კურსის გამოშვების ცერემონიალი გაიმართა. 15 კურსდამთავრებულს სწავლების დასრულება საქართველოს თავდაცვის მინისტრის პირველმა მოადგილემ დავით ებრალიძემ და შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსმა, გენერალ-მაიორმა ვახტანგ კაპანაძემ მიულოცეს.
„ლოგისტიკის მიმართულების ოფიცრები ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი ჯარისთვის. ეს არის ყველაზე პროფესიული და კვალიფიციური უზრუნველყოფის სამსახური, რომელიც სჭირდება შეიარაღებულ ძალებს. შესაბამისად, მათ ჩვენ დიდ ყურადღებას ვაქცევთ. ძალიან გაგვიხარდა, რომ დღეს ერთმა ჯგუფმა წარმატებით დაასრულა სასწავლებელი“, - აღნიშნა თავდაცვის მინისტრის პირველმა მოადგილემ.
კურსის გამოშვების საზეიმო ცერემონიალის დასრულების შემდეგ თავდაცვის მინისტრის პირველმა მოადგილემ და გენერალ-მაიორმა ვახტანგ კაპანაძემ კურსდამთავრებულებს სერტიფიკატები გადასცეს.
„ლოგისტიკა ის სფეროა, რომლის გარეშეც წარმოუდგენელია ნებისმიერი სპეციალობის სამხედრო მოსამსახურის წარმატებული მოქმედება - ბრძოლის ველზე იქნება ეს თუ მშვიდობიან პერიოდში. განსაკუთრებით რთულია ლოგისტიკის განხორციელება საქართველოს პირობებში, მისი რელიეფიდან და შეზღუდული რესურსებიდან გამომდინარე. ამდენად, ძალიან გვიხარია, რომ ლოგისტიკის და მომარაგების ოფიცრების ახალი თაობა ემატება ჩვენს შეიარაღებულ ძალებს. მათ კარგად იციან მთავარი ამოცანა, რომ საჭირო ადგილზე და დროს საჭირო რაოდენობით მიაწოდონ დანაყოფებს ის აუცილებელი რამ, რაც წარმატებული მოქმედებისთვის საჭიროა“, - განაცხადა გენერალ-მაიორმა ვახტან კაპანაძემ.
ლოგისტიკის სპეციალისტთა და უმცროს ოფიცერთა მომზადების კურსზე სწავლება 4 მოდულის მიხედვით განხორციელდა. კურსის განმავლობაში სამხედრო მოსამსახურეებმა ლოგისტიკური უზრუნველყოფა, ორგანიზაცია, მართვა, ლოგისტიკის ტაქტიკა, მომარაგების საფუძვლები, ტექნიკის ექსპლუატაცია, მომსახურება და სხვა სპეციალური სასწავლო თემები გაიარეს. სასწავლო პროგრამა 28 სექტემბერს დაიწყო და დღეს დასრულდა.