ბიძინა კუჭავას ოჯახმა შესაძლოა შსს მინისტრის მოადგილეს, არჩილ თალაკვაძეს უჩივლოს. ამის შესახებ ჟურნალისტებთან ადვოლატმა ნათია კორკოტაძემ განაცხადა. მისი თქმით, არსებობს არაერთი საეჭვო გარემოება, რომლებიც მეტყველებენ, რომ ბიძინა კუჭავა მოკლულია.
ერთ-ერთ ასეთ გარემოებად ადვოკატი იმ ფაქტს ასახელებს, რომ "საქართველოს ხმის" დამფუძნებელს აფრიკის ვიზა ჰქონდა და თვის ბოლოს, ბიზნესის საკითხებთან დაკავშირებით გამგზავრებას აპირებდა.
კორკოტაძე ასევე აცხადებს, რომ წინასწარი ინფორმაციით, ბიძინა კუჭავასთან სახლიდან გასვლამდე განხორციელდა იგივე ხელწერის ზარი, როგორც 13 იანვარს პროკურორ ვახტანგ ქირიასთან. კერძოდ, ადვოკატის განცხადებით, 13 იანვარს ვახტანგ ქირია სატელეფონო ზარის შემდეგ გავიდა სახლიდან, ისევე როგორც 16 იანვარს ბიძინა კუჭავა. ადვოკატის თქმით, 16 იანვარს კუჭავას სახლიდან გასვლა უკავშირდებოდა მის მიერ დაგეგმილ შეხვედრას ბიზნესსაქმიანობიდან გამომდინარე.
მისივე ინფორმაციით, კუჭავას ოჯახის წევრები და ახლობლები არ იცნობენ პოპოვებს, რომლებიც თვითმკვლელობის დროს მის ავტომობილში ისხდნენ.
ნათია კორკოტაძე აცხადებს, რომ კუჭავას ოჯახი აპირებს სახელის რეაბილიტაციის მიზნით, მიმართოს პროკურატურას. მისივე თქმით, გამორიცხული არ არის ოჯახმა შს მინისტრის მოადგილეს არჩილ თალაკვაძესაც უჩივლონ, რომელმაც ადვოკატის შეფასებით, გუშინდელი სატელევიზიო კომენტარით, უდანაშაულობის პრეზუმფცია დაარღვია.
ადვოკატის ინფორმაციით, ოჯახი ასევე მოითხოვს თვითმკვლელობის მუხლის მკვლელობის მუხლით გადაკვალიფიცირებას.
შეგახსენებთ, სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ბიუროს მუშაობაში ჩაერთვება დამოუკიდებელი ექსპერტი მაია ნიკოლაიშვილი, რომელმაც გუშინ გარდაცვლილი ცხედარი დაათვალიერა.
შსს მინისტრის მოადგილის განცხადებას ექსპერტიც გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ მსგავსი შეფასებების გაკეთება ნაადრევია.
„გუშინ ვუსმინე ერთ-ერთ მაღალჩინოსანს და იქ იმდენად დარწმუნებით იყო ყველაფერი ნათქვამი, რომ მე არ მინდა ასე ვიფიქრო, მაგრამ გამახსენდა მაღალჩინოსნების მიერ გაკეთებული სხვა დასკვნები, რომელსაც სერიოზულად ვაკრიტიკებდით, სანამ გვამი გაციებული არ იყო, დასკვნები კეთდებოდა და დამნაშავე ცხადდებოდა,“ - აღნიშნა მაია ნიკოლეიშვილმა.
შსს მინისტრის მოადგილემ ,,მაესტროს“ ეთერში განაცხადა, რომ სამეგრელო-ზემო სვანეთის საოლქო სამხარეო პროკურორის მკვლელი დადგენილია.
,,არსებობს გამოძიების მიერ მოპოვებული საკმარისი მტკიცებულებები და იდენტიფიცირებული, რაც ადასტურებს, რომ სწორედ ბიძინა კუჭავამ მოკლა პროკურორი ვახტანგ ქირია, მაღალი ალბათობით, მკვლელმა ბიძინა კუჭავამ ძველით ახალი წლის ხმაურს დაამთხვია მისი მკვლელობა," - განმარტა არჩილ თალაკვაძემ.