ვან დეიკის ტილოსთან დაკავშირებით, ეკატერინე აბაშიძე დაკითხვაზე ქართველმა სამართალდამცველებმა დაიბარეს.
ეკატერინე აბაშიძე აცხადებს, რომ სტამბოლში ნაპოვნი ჰოლანდიელი მხატვრის ვან დეიკის ნამუშევარი მისი ოჯახის საკუთრება იყო და მისი გაყიდვა ოჯახმა ფინანსური პრობლემების გამო გადაწყვიტა.
"ჩვენ შევთანხმდით რაღაც თანხაზე იმიტომ, რომ სასწრაფოდ იყო ფული გადასახდელი, ანუ ეს იყო 37 ათასი დოლარი. რეალურად გადაგვიხადეს 7 ათასი ლარი თუ დოლარი არ მახსოვს. წავიდა ეს ხალხი, გაიტაცეს ეს სურათი", - განაცხადა აბაშიძემ. დაზარალებულის თქმით, ოჯახმა სასამართლოს მიმართა და მოიგო კიდეც დავა.
ეკატერინე აბაშიძის ძმისშვილი რევაზ აბაშიძე, კი კურიერთან ამბობს, რომ ტილო მამამისმა 15 წლის წინ შეიძინა, თუმცა მათთვის უცნობი იყო მისი ავტორი. რევაზ აბაშიძის თქმით, წლების განმავლობაში ტილო მის საცხოვრებელ სახლში ინახებოდა და შემდეგ უკვე ის გადაიტანეს ეკატერინე აბაშიძესთან.
8 იანვარს თურქეთის ქალაქ სტამბოლში საქართველოდან კონტრაბანდული გზით გატანილი ჰოლანდიელი მხატვრის, ენტონი ვან დეიკის ნახატი აღმოაჩინეს. თურქული მედიის ცნობით, ნახატის არალეგალურად გაყიდვას ორი ბიზნესმენი ცდილობდა. ისინი დაკავებულები არიან.