თავდაცვის მინისტრობის კანდიდატმა თინათინ ხიდაშელმა პარლამენტის კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე ქართულ ჯარში დაგეგმილ სიახლეებზე ისაუბრა და ქართული წარმოების პროდუქტის პოპულარიზაციაზე გაამახვილა ყურადღება.
თინათინ ხიდაშელის განცხადებით, თავდაცვის სამინისტროს ინიციატივებით ჯარის გარდა, ქართველი მეწარმეებიც ისარგებლებენ.
"ჩვენ გამოვედით ინიციატივით, რომ მაქსიმალურად ქართულ კვებაზე გადავიყვანოთ ჯარი. პირველი ეტაპი დასრულებულია და ორიოდე დღის წინ გვქონდა პრეზენტაცია, სადაც საზოგადოებას გამარჯვებული ქართველი მეწარმეები გავაცანით. აღმოსავლეთ საქართველოს საჯარისო შენაერთები მთლიანად ქართული ხორცით კვებაზეა გადასული. 25 დეკემბერს დასრულდა ტენდერი და პირველი იანვრიდან მთლიანი ჯარი უზრუნველყოფილი იქნება ქართული ხორცით. იანვარში გამოვაცხადებთ ქათმის პროდუქტზე ტენდერსაც“, - განაცხადა თინათინ ხიდაშელმა.
მისიევ თქმით, უწყება ხილისა და ბოსტნეულის მიმართულებით მიმწოდებლებთან ინტენსიურად მუშაობს.
„გაზაფხულის დასაწყისში, პრაქტიკულად მთლიანად, გარდა იმ მცირე ჩამონათვლისა, რაც უბრალოდ, საქართველოში არ იწარმოება, ჯარის კვებას გადავიყვანთ ქართველი მწარმოებლების ხელში. ეს დაახლოებით 40 მილიონი ლარია, რომელიც დარჩება საქართველოში, ქართულ ბაზარზე და ქართული ბიზნესის განვითარებას, სამუშაო ადგილების შექმნას მოემსახურება", - აღნიშნა თინათინ ხიდაშელმა.
თავდაცვის მინისტრობის კანდიდატმა ყურადღება სამინისტროს მიერ დაგეგმილ კიდევ ერთ ინიციატივაზე გაამახვილა, რომლის თანახმადაც, მომავალი წლიდან ქართველი ჯარისკაცების ფორმებიც საქართველოში შეიკერება.
„ქართული ჯარისთვის ფორმები, მისი ყველა ნაწილი, მისი ყველა კომპონენტი ყველანაირი მოხმარებისთვის და გამოყენებისთვის მთლიანად გვინდა, რომ იკერებოდეს საქართველოში. ეს კიდევ რამდენიმე დამატებითი ათეული მილიონი ლარია, რომელიც ასევე, ქვეყანაში დარჩება და ქართული ბიზნესის განვითარებას და სამუშაო ადგილების შექმნას მოხმარდება“, - განაცხადა თინათინ ხიდაშელმა და აღნიშნა, რომ ამ მიზნით, თავდაცვის უწყება „საპარტნიორო ფონდთან“ აქტიურად თანამშრომლობს.