თავდაცვის მინისტრობის კანდიდატმა იურიდიულ საკითხთა, ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის, საპროცედურო საკითხთა და წესების, თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტების სხდომაზე უწყებაში მიმდინარე პროექტებზე ისაუბრა. თინათინ ხიდაშელმა ქართველ ბიზნესმენებს მიმართა, რომ თავდაცვის სამინისტროს სოციალური მხარდაჭერის პროექტში - "მხარი მხარს" აქტიურად ჩაერთონ.
თავდაცვის მინისტრობის კანდიდატის განცხადებით, პროექტის იდეაა, მთელმა საზოგადოებამ მხარი დაუჭიროს დაჭრილ სამხედრო მოსამსახურეებსა და მათ ოჯახებს. "ჩვენ დავიწყეთ სოციალური მხარდაჭერის პროგრამა, რომელსაც დავარქვით "მხარი მხარს". პროექტის იდეაა, მთელმა საზოგადოებამ გააცნობიეროს, რომ დაჭრილი სამხედრო მოსამსახურეები, რომელზეც სრულფასოვანი მზრუნველობა აქვს აღებული თავდაცვის სამინისტროს, არ შეიძლება რჩებოდნენ მხოლოდ თავდაცვის სამინისტროს მზრუნველობის ქვეშ. „მხარი მხარს“ ნიშნავს იმას, რომ მთელი საზოგადოება უნდა იდგეს ამ ადამიანების გვერდით. ჩვენ უკვე დავიწყეთ პირობითი პროექტი და მივმართავ ქართულ ბიზნესს, რომ მაქსიმალურად ჩაერთონ ამ პროცესში, ამ ახალგაზრდების შვილების განათლებაში და დაგვეხმარონ მათი ოჯახების სოციალური პრობლემების მოგვარებაში. ყოველი ჩვენგანის უსაფრთხოებისთვის, მშვიდობისთვის, სამხედრო ოპერაციების დროს დაღუპული და მძიმედ დაჭრილი სამხედრო მოსამსახურეების ოჯახებმა უნდა იცოდნენ, რომ მათი ოჯახის წევრების გმირობა დაფასებულია და მთელი საზოგადოების მიერ სათანადოდ არის დანახული,“ - განაცხადა თინათინ ხიდაშელმა.