ჩვენი ამოცანაა, შეიარაღებული ძალები სრულფასოვნად ვაქციოთ ნატოსთან თავსებად შეიარაღებულ ძალებად“, - ამის შესახებ საქართველოს თავდაცვის მინისტრობის კანდიდატმა, თინა ხიდაშელმა პარლამენტში იურიდიულ საკითხთა, ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის, საპროცედურო საკითხთა და წესების, თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე განაცხადა და აღნიშნა, რომ საქართველოს შეიარაღებულ ძალებში მოდერნიზაციის პროცესი აქტიურ ფაზაშია შესული.
„ჩვენი ამოცანაა, შევასრულოთ პირობა, რომელიც დავდეთ რამდენიმე ათეული წლის წინ, რომ შეიარაღებულ ძალებს სრულფასოვნად ვაქცევდით ნატოსთან თავსებად შეიარაღებულ ძალებად. ამაში ჩვენი პარტნიორების უდიდესი მხარდაჭერა გვაქვს. სწორედ, ამ პროგრამის ნაწილია ის სწავლებები, რომლებიც 2016 წელშია დაგეგმილი. საქართველოში ამ მასშტაბის სწავლებები არ ყოფილა იმ ტიპის ტექნიკის გამოყენებით, რომლებზეც ამჟამად თანხმობა გვაქვს ჩვენი პარტნიორებისგან, იმ რაოდენობის ნატოს წევრი ქვეყნების სამხედრო მოსამსახურეებით, რომლებიც მაისში და ივლისში ჩამოვლენ საქართველოში და რეალურად, ნატო-საქართველოს წვრთნისა და შეფასების ერთობლივი ცენტრი (JTEC), რომელიც 27 აგვისტოს გაიხსნა, დაიწყებს თავისი ფუნქციის გამართლებას და სწავლებების ციკლი აქტიურ და ინტენსიურ ფაზაში გადავა ამ ბაზაზე, სწორედ, ამ კონკრეტული საშუალების გამოყენებით,“ - განაცხადა თინათინ ხიდაშელმა.
თავდაცვის მინისტრის მოვალეობის შემსრულებელმა კიდევ ერთ პილოტურ პროექტზე - საჯარო შენაერთებში განახლებადი ენერგიის გამოყენებაზე გაამახვილა ყურადღება. მისი განცხადებით, ეს მიმართულება მთელი ქვეყნის მასშტაბით არსებულ საჯარისო შენაერთში კიდევ უფრო მეტად გაძლიერდება.