საქართველოს პრეზიდენტმა სანდრო გირგვლიანის დედა ირინა ენუქიძე თამარ მეფის ორდენით გარდაცვალების შემდეგ დააჯილდოვა. ქვეყნისა და ერის წინაშე განსაკუთრებული ღვაწლისთვის, გამორჩეული საზოგადოებრივი მოღვაწეობისა და სამოქალაქო თავდადებისთვის განკუთვნილი ჯილდო ირინა ენუქიძის მეუღლეს გურამ გირგვლიანს გადაეცა. ირინა ენუქიძის დაჯილდოების ცერემონიალს თავდაცვის მინისტრი თინათინ ხიდაშელი დაესწრო.
გიორგი მარგველაშვილის განცხადებით, ირინა ენუქიძე იმ ბრძოლის სიმბოლო გახდა, რომელსაც ჰუმანურობისთვის, სიცოცხლის უფლებისთვის, ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლა ერქვა. პრეზიდენტის ინიციატივით, 2015 წელი ქალთა წლად იყო გამოცხადებული. მან წლის ბოლოს რამდენიმე ქალბატონი გამოყო, რომელსაც ჩვენი ქვეყნისა და საზოგადოების წინაშე განსაკუთრებული წვლილი მიუძღვის. „ამ განსაკუთრებული ადამიანების გამორჩევა დავიწყე ირინა ენუქიძისგან“ - აღნიშნა გიორგი მარგველაშვილმა.
თინათინ ხიდაშელმა ირინა ენუქიძის მიერ დაწყებული საქმის დაფასებისთვის პრეზიდენტს მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ წლების წინ ქვეყანაში არსებული სისტემა, სწორედ, ირინა ენუქიძემ დაანგრია.
„როდესაც ხელისუფლებაში მოვედით, სულ პირველი ოფიციალური საჯარო განცხადება, რომელიც საქართველოს პარლამენტში გაკეთდა იყო, სწორედ, ირინა ენუქიძის განსაკუთრებული როლის აღნიშვნა და დაფასება... რა თქმა უნდა, ეს არ სჭირდება მის ოჯახს, ეს სჭირდება საქართველოს. ამბავი, რომელმაც ქვეყანა გამოიყვანა უმძიმესი მდგომარეობიდან, არ უნდა დარჩეს შეუმჩნეველი და არ უნდა დარჩეს კადრს მიღმა. ამიტომ არის დღევანდელი დღე ძალიან მნიშვნელოვანი. ირინა ენუქიძე და ია მეტრეველი არიან დედები, რომლებმაც ბევრი სხვა დედის შვილები გადაარჩინეს. სამწუხაროდ, ირინა აღარ არის დღეს ჩვენთან, ამიტომ, ბუნებრივია, განსაკუთრებით მძიმეა მასზე საუბარი“ - განაცხადა თავდაცვის მინისტრმა.
ღონისძიებას ასევე დაესწრნენ თავდაცვის მინისტრის მოადგილე ანა დოლიძე, მთავრობის წევრები და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლები.
სანდრო გირგვლიანის დედა 2007 წლის 24 აგვისტოს, მძიმე ავადმყოფობის შემდეგ გარდაიცვალა.