საქართველოს თავდაცვის მინისტრი თინათინ ხიდაშელი უკრაინის საპარლამენტო დელეგაციას შეხვდა. შეხვედრას საქართველოს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე თედო ჯაფარიძე ესწრებოდა.
უკრაინის დელეგაციის ხელმძღვანელთან, უკრაინის პარლამენტის ევროინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე ივანა კლიმპუშ-ცინცაძესთან შეხვედრის ერთ-ერთ მთავარ საკითხს, საქართველოს თავდაცვის სისტემაში განხორციელებული რეფორმების გამოცდილების გაზიარება წარმოადგენდა. უკრაინული დელეგაციის ხელმძღვანელმა განაცხადა, რომ იგეგმება უკრაინის თავდაცვის სამინისტროს რეფორმა და ამ კუთხით საქართველოს გამოცდილებას მათთვის დიდი მნიშვნელობა აქვს.
შეხვედრაზე თავდაცვის მინისტრმა თინათინ ხიდაშელმა უკრაინულ მხარეს, ნატო-საქართველოს ერთობლივი წვრთნისა და შეფასების ცენტრში თანამშრომლობა შესთავაზა. შეხვედრაზე ასევე, ისაუბრეს წეროვანის სარეაბილიტაციო ცენტრში უკრაინელი სამხედრო მოსამსახურეების განთავსების პროგრამაზე. უკრაინულმა მხარემ, საქართველოს მადლობა გადაუხადა ამ შესაძლებლობისთვის. საქართველოს თავდაცვის მინისტრის თქმით კი, აღნიშნულ რეაბილიტაციის კურსს საქართველო უკრაინას მომავალშიც შესთავაზებს.
საქართველოს თავდაცვის სამინსტროში მყოფი უკრაინის საპარლამენტო დელეგაცია საქართველოს მეგობართა ჯგუფს წარმოადგენს უკრაინის პარლამენტში.