საქართველოს თავდაცვის მინისტრის მოადგილე ანა დოლიძე „წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის“ (ICRC) დელეგაციის ხელმძღვანელის მოადგილეს, კატერინ პატრონოვსა და უგზო-უკვლოდ დაკარგულ პირთა საკითხების კოორდინატორს, ლინა მილნერს შეხვდა.
შეხვედრაზე თავდაცვის სამინისტროსა და „წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტს“ შორის არსებული თანამშრომლობის შემდგომი გაღრმავების საკითხები განიხილეს. მხარეებმა ყურადღება გაამახვილეს თავდაცვის უწყებისა და საერთაშორისო ორგანიზაციას შორის თანამშრომლობის სამ ასპექტზე - არქივებთან მუშაობაზე, საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლის სწავლებისა და სამთავრობო კომისიის შექმნის საკითხებზე.
თავდაცვის მინისტრის მოადგილემ საერთაშორისო ორგანიზაციასთან თანამშრომლობის მიმართულებებსა და გეგმებზე ისაუბრა: „წითელ ჯვარს“ არქივებთან დაშვება სჭირდება, იმისათვის, რომ აღმოაჩინოს უგზო-უკვლოდ დაკარგული პირები, რომლებიც კონფლიქტების დროს გაუჩინარდნენ. ჩვენ ვმუშაობთ, რომ არქივების ოპტიმიზაცია განვახორციელოთ,“ - აღნიშნა ანა დოლიძემ.
მინისტრის მოადგილის განცხადებით, „წითელი ჯვარი“ თავდაცვის სამინისტროსთან საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლის სწავლების მიმართულებით ითანამშრომლებს და ეროვნული თავდაცვის აკადემიაში დაგეგმილ დებატებზეც იქნება მოწვეული.
ანა დოლიძემ სამთავრობო კომისიის შექმნის შესახებაც ისაუბრა: „სამთავრობო კომისიაში, სადაც იქნებიან საქართველოს უწყებების წარმომადგენლები და წითელი ჯვარი, ადვილად გავცვლით ინფორმაციას უგზო-უკვლოდ დაკარგულ პირებთან დაკავშირებით. ჩვენ ამ ინიციატივას მხარს ვუჭერთ ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროსთან ერთად. მზადყოფნის გამოხატვის შემთხვევაში, რა თქმა უნდა, ვითანამშრომლებთ, სხვა სახელმწიფო უწყებებთან, რომ ეს კომისია შედარებით მალე შეიქმნას“.
საქართველოში ICRC-ის დელეგაციის ხელმძღვანელის მოადგილემ კატერინ პატრონოვმა თავდაცვის სამინისტროსთან არსებული ხანგრძლივი და ნაყოფიერი თანამშრომლობა დადებითად შეაფასა.
შეხვედრას თავდაცვის სამინისტროს საერთაშორისო ურთიერთობათა და ევროატლანტიკური ინტეგრაციის დეპარტამენტის უფროსი ლუიზა ხითარიშვილი, J5/9 სტრატეგიული დაგეგმვის, სამხედრო პოლიტიკისა და სამხედრო თანამშრომლობის დეპარტამენტის წარმომადგენლები დაესწრნენ.