დღეს საქართველოს თავდაცვის მინისტრმა თინათინ ხიდაშელმა ადამიანის უფლებათა დამცველი საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაციის „Human Rights Watch“ წარმომადგენლები თავდაცვის უწყებაში მიიღო.
შეხვედრაზე საუბარი შეეხო აგვისტოს ომის საქმესა და იმ პროცესის შეფასებებს, რომელიც სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს (ICC) გამომძიებელთან ახლა დაიწყო.
თინათინ ხიდაშელმა ელიზაბეტ ევენსონსა და პარამ პრიტ სინს ის განწყობები, დამოკიდებულებები, ტემპი და 6 წლის შემდგომი განსხვავებები გაუზიარა, რომელიც ადგილობრივ არასამთავრობო ორგანიზაციებს ამ მიმართულებით სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოსთან საქმიანობის დასაწყისში ჰქონდათ. როგორც თავდაცვის მინისტრმა აღნიშნა, „Human Rights Watch“ დაინტერესებულია აგვისტოს ომის დროს ჩადენილი დანაშაულების გამოძიება რაც შეიძლება სწრაფად და ეფექტურად განხორციელდეს. მან იმედი გამოთქვა, რომ ერთობლივი ძალისხმევით გამოძიება შედეგიანი იქნება.