თავდაცვის სამინისტროს საქართველოში აკრედიტებული უცხო ქვეყნების სამხედრო ატაშეები ეწვივნენ. საქართველოს თავდაცვის მინისტრმა უცხოელ სტუმრებს თავდაცვის უწყებაში ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში სამხედრო და სამოქალაქო პოზიციებზე დანიშნული თანამდებობის პირები წარუდგინა.
გაცნობითი შეხვედრის დროს თინათინ ხიდაშელმა და სამხედრო ატაშეებმა მომავალი წლის პრიორიტეტებზე და თანამშრომლობის გაღრმავებაზე ისაუბრეს.
„უცხოელ ატაშეებს თავდაცვის სამინისტროს ახალი თანამდებობის პირები წარვუდგინეთ. ისინი ბოლო თვეების განმავლობაში სამოქალაქო და სამხედრო მიმართულებებით დაინიშნენ. ჩვენს პარტნიორებთან ნატო-საქართველოს ერთობლივ პროექტებსა და სხვადასხვა პრინციპულად მნიშვნელოვან საკითხებზე ვისაუბრეთ. ჩვენ მათ მეტი დახმარება და გადაწყვეტილებების მიღების დროს უფრო მაღალი ტემპი ვთხოვეთ. ასევე შევეხეთ მომავალი წლის გეგმებს. საშობაო არდადეგებიდან დაბრუნების შემდეგ, იმედი მაქვს, კიდევ უფრო ქმედითად გავაგრძელებთ საქმიანობას,“ - განაცხადა თინათინ ხიდაშელმა.