საქართველოს თავდაცვის მინისტრი თინათინ ხიდაშელი ამერიკის შეერთებულ შტატებში ვიზიტისას ევროპისა და ევრაზიის საკითხებში აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწეს, ვიქტორია ნულანდს შეხვდა. შეხვედრაზე აშშ-საქართველოს ორმხრივი ურთიერთობების პროგრესი და რეგიონული უსაფრთხოების საკითხები განიხილეს. საუბარი შეეხო მომავალი წლის თანამშრომლობის გეგმებსაც.
„2016 წელს ძალიან ბევრი ახალი ინიციატივის დაწყებას ველოდებით. ვისაუბრეთ ქვეყნის თავდაცვისუნარიანობის კიდევ უფრო გამყარებასა და ქვეყნის უსაფრთხოების რკალის გაფართოებაზე, იმ რეალობებიდან გამომდინარე, რომელშიც ვიმყოფებით. ჩვენ ძალიან ბევრს ვსაუბრობთ პარტნიორებთან შავი ზღვის უსაფრთხოებასა და საქართველოს თანამონაწილეობაზე ამ ერთიან სისტემაში,რომელზეც დღეს, ერთი მხრივ, ნატოს ფორმატში და, მეორე მხრივ, ორმხრივ ფორმატებში მუდმივად არის საუბარი. რა თქმა უნდა, ჩვენ ვეძებთ უფრო მარტივ, სწრაფ, ეფექტურ გზას იმისთვის, რომ საქართველოს სახელმწიფოს, როგორც დამოუკიდებელი ქვეყნის უსაფრთხოება უკეთ იყოს დაცული,“ - განაცხადა თინათინ ხიდაშელმა.
საქართველოს თავდაცვის მინისტრმა და აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწემ 2016 წელს ვარშავაში დაგეგმილი ნატოს სამიტის მოლოდინებზეც ისაუბრეს.
„მინისტერიალის შემდეგ ჩვენ საკმაოდ ოპტიმისტურად ვართ განწყობილები. პროგრესი სახეზეა, ნატოს ღია კარის პოლიტიკა სახეზეა და, შესაბამისად, ჩვენ გვსურს, ვარშავიდან უფრო გაძლიერებულები გამოვიდეთ, როგორც დამოუკიდებელი ქვეყანა. ამიტომ ვსაუბრობთ იმ ჩანაწერებზე, რომელიც უკვე ვარშავის სამიტის დეკლარაციაში მოხვდება. ვსაუბრობთ იმ შესაძლებლობებზე, რომლის წინაშეც ვართ,“ -აღნიშნა თავდაცვის მინისტრმა.
აშშ-ში ვიზიტის ფარგლებში თავდაცვის მინისტრი ამერიკელ კონგრესმენებს - გრეგორი მიკს, ტედ პოს და ჯერი კონოლის, ასევე სენატორ ჯონ მაკკეინს და სხვა ოფიციალურ პირებს შეხვდა.