რუსეთს საქართველოს საჰაერო სივრცე არ დაურღვევია. ამის შესახებ რუსეთის თავდაცვის სამინისტროს პრეს-სამსახურის უფროსმა იგორ კონაშენკოვმა განაცხადა. “ბოლო დღეების განმავლობაში საქართველოს საზღვართან რუსულ სამხედრო ვეტმფრენებს ფრენები არ შეუსრულებიათ. შესაბამისად, ვერც ქართულმა მხარემ დაასახელა ადგილი, სადაც, მათი თქმით, საქართველოს საჰაერო სივრცის დარღვევა მოხდა. მხოლოდ მოგვიანებით გაჟღერდა ინფორმაცია, თითქოს რუსული ვეტმფრენის მოჩვენება სოფელ ზარდიაანთკარის მცხოვრებლებმა დაინახეს და ამის შესახებ ვიღაც პოლიციელს აცნობეს. მინდა ვურჩიო ქართველ კოლეგებს, სხვა დროს ხმაურიანი განცხადებების გაკეთებისგან თავი შეიკავონ და მხოლოდ ობიექტური კონტროლის, კერძოდ კი რადიოლოკაციურ მონაცემებს დაეყრდნონ,”-აღნიშნა კონაშენკოვმა. ინფორმაცია რუსეთის მიერ საქართველოს საჰაერო სივრცის დარღვევის შესახებ ქართულმა მხარემ გუშინ გაავრცელა.