აშშ-ში ვიზიტისას სტრატეგიული და საერთაშორისო კვლევების ცენტრში (CSIS) საჯარო გამოსვლის შემდეგ საქართველოს თავდაცვის მინისტრმა თინათინ ხიდაშელმა აუდიტორიის შეკითხვებსაც უპასუხა. ერთ-ერთი შეკითხვა შავი ზღვის რეგიონში სტაბილურობისა და უსაფრთხოების შენარჩუნებაში საქართველოს როლსა და მეზობელ ქვეყნებთან ურთიერთობებს ეხებოდა.
თავდაცვის მინისტრის განცხადებით, რეგიონში არსებული უსაფრთხოების გამოწვევების დაძლევა მხოლოდ კოორდინირებული და ერთიანი ძალისხმევითაა შესაძლებელი. „ეს საკითხი ხანგრძლივი დისკუსიის საგანია და ძალიან ბევრი ნიუანსია. ვცდილობთ ერთმანეთთან ყოველდღიურ რეჟიმში მუდმივი კომუნიკაცია გვქონდეს. მომავალ კვირას სტამბოლში საქართველო-თურქეთი-აზერბაიჯანის სამმხრივი თავდაცვის მინისტერიალია დაგეგმილი, სამი დღის წინ კი ბაქოში სწორედ ჩვენს ერთობლივ პრობლემებსა და გამოწვევებზე ვიმსჯელეთ, განვიხილეთ თანამშრომლობის გაძლიერების შესაძლებლობები ამ სამ ქვეყანას შორის რათა კოორდინირებულად დავძლიოთ ჩვენს წინაშე მდგარი გამოწვევები. ჩემი მთავარი გზავნილი არის, სწორედ, გაძლიერებული კოორდინაცია - უფრო მეტი კომუნიკაციით, ერთობლივი ძალისხმევის გაძლიერებით შევძლებთ ამ პრობლემების დაძლევას და უფრო მარტივად შევძლებთ გამოსავლის მოძებნას,“ - განაცხადა თინათინ ხიდაშელმა.