საქართველოს ნატოში ინტეგრაციის პერსპექტივების შესახებ ისაუბრა საქართველოს თავდაცვის მინისტრმა თინათინ ხიდაშელმა ვაშინგტონში, სტრატეგიული და საერთაშორისო კვლევების ცენტრში სიტყვით გამოსვლისას. მისი განცხადებით, ნატოს საგარეო საქმეთა მინისტერიალი საქართველოსთან მიმართებაში ერთმნიშვნელოვნად პოზიტიური იყო.
„მინისტერიალში მონაწილე საგარეო საქმეთა მინისტრებმა განაცხადეს, რომ შემდეგი ქვეყანა, რომელსაც ნატოში მიიწვევენ, საქართველო იქნება. თუ ნატოს ექნება შემდეგი გაჩერება, ეს ქვეყანა უნდა იყოს საქართველო. MAP-ის არმიღება კი დაბრკოლებას არ წარმოადგენს, რადგან თუ იქნება პოლიტიკური გადაწყვეტილება, ნატო მე-10 მუხლის მიხედვით იმოქმედებს. მაგალითად, თუ ხვალ შვედეთი გადაწყვეტს გახდეს ნატოს წევრი, მას MAP-ს კი არ შესთავაზებენ, არამედ, პირდაპირ მიანიჭებენ წევრობას,“ - განაცხადა თინათინ ხიდაშელმა.
თავდაცვის მინისტრმა საქართველოს მიერ ნატოში ინტეგრაციის გზაზე აღებული ვალდებულებების წარმატებით შესრულებაზე გაამახვილა ყურადღება: „საქართველომ ყველა ვალდებულება პირნათლად შეასრულა - განახორციელა რეფორმები, აამოქმედა ყველა ინსტრუმენტი, ბევრად უფრო მეტი ვიდრე სხვა ქვეყნებმა, რომლებიც ასევე ნატოს წევრობისკენ მიისწრაფოდნენ. ყოველწლიური ეროვნული გეგმის განხორცილება 7 წლის წინ დავიწყეთ, შეიქმნა ნატო-საქართველოს კომისია, არსებობს ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტი, რომელიც ნატოსა და საქართველოს შორის პრაქტიკული თანამშრომლობის ყველა კომპონენტს მოიცავს, მაგალითად, როგორიცაა ერთობლივი მომზადების ცენტრი, რომლის პრეცედენტი არცერთ ასპირანტ ქვეყანაში არ ყოფილა.“
თინათინ ხიდაშელის განცხადებით, ამ ეტაპზე, შესაძლოა, MAP ნატოში გაწევრიანების ერთ-ერთი მექანიზმია, თუმცა, მინისტერიალის მიღწევაა, რომ ის გაწევრიანებისთვის აუცილებელ პირობად აღარ განიხილება. „მე არასდროს მესმოდა დიპლომატიური ენა, რომელიც აყალიბებს ახალ წინადადებებს, ტექსტებს, მაშინ როდესაც არ ხარ მზად გადაწყვეტილების მისაღებად. ჩვენ გვჭირდება გადაწყვეტილებები,“ - აღნიშნა მან.
თავდაცვის მინისტრმა ხაზგასმით აღნიშნა მინისტერიალზე მიღწეული პროგრესი: „რაც ყველაზე ძალიან გვეამაყება ნატოს საგარეო საქმეთა მინისტერიალის კომუნიკეს ტექსტში არის ის, რომ დოკუმენტში ორჯერ ნათლად არის ხაზგასმული, რომ საქართველოს ალიანსში გაწევრიანებისთვის ყველა საჭირო ინსტრუმენტი აქვს. ასევე პირველად გვითხრეს, რომ ჩვენ გაწევრიანებისთვის მომზადების პერიოდს გავდივართ. ვხედავთ წევრი ქვეყნების სურვილს და მონდომებას დადგნენ ჩვენ გვერდით და ითანამშრომლონ უკეთესი უსაფრთხოებისთვის, შეკავების პოლიტიკისთვის და შეიქმნას ყველა პირობა, რადგან როდესაც საქართველოს სასარგებლოდ პოლიტიკურ გადაწყვეტილებას მიიღებენ, ეს პროცესი იყოს მარტივი. ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის წარმატებით განხორციელება გაწევრიანების წინაპირობა იქნება. გარდა პოლიტიკური გადაწყვეტილებისა, რომელსაც ნატოს წევრები მიიღებენ, ასევე მნიშვნელოვანია საქართველომ აჩვენოს ნათელი, აშკარა და ხელშესახები პროგრესი, რომ პაკეტით აღებული ვალდებულებები შეასრულა,“ - განაცხადა თინათინ ხიდაშელმა.