ევროკავშირის ერთიანი უსაფრთხოებისა და თავდაცვის პოლიტიკის მაღალი დონის კონფერენციაზე საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსის მოადგილე, პოლკოვნიკი ომარ ბეგოიძე სიტყვით გამოვიდა. პოლკოვნიკმა დეტალურად ისაუბრა ევროკავშირის სამშვიდობო მისიებში საქართველოს შეიარაღებული ძალების მონაწილეობაზე. საუბარი ასევე შეეხო ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკაში ქართველი სამხედროების საქმიანობას და ადგილზე არსებულ გამოწვევებს.
„კონფერენციის ფარგლებში განვიხილეთ ისეთი მნიშვნელოვანი საკითხი, როგორიცაა ევროკავშირის ოპერაციებში მონაწილეობის გამოცდილების გაზიარება. საქართველო 2014 წლიდან აქტიურად არის ჩართული ევროკავშირის ოპერაციებში. ცენტრალურ აფრიკაში გაგზავნილი გვყავდა ორი ასეულის დონის კონტინგენტი. დღეს ცენტრალურ აფრიკაში ამოცანებს ასრულებს 5-კაციანი სწრაფი რეაგირების ჯგუფი. ასევე ვგეგმავთ ერთი ოფიცრის წარგზავნას მალიში ევროკავშირის მისიაში. ჩვენ უკვე დაგვიგროვდა საკმაოდ მდიდარი გამოცდილება და ვფიქრობთ, რომ შეგვიძლია გავუზიაროთ ეს გამოცდილება სხვა ქვეყნებს - თუ რა იყო დადებითი, რა პრობლემებს წავაწყდით ამ მისიების დროს და რა შეიძლება იყოს ამ პრობლემების გადაჭრის გზები“, - აღნიშნა გენერალური შტაბის უფროსის მოადგილემ.
ევროკავშირის ერთიანი უსაფრთხოებისა და თავდაცვის პოლიტიკის მაღალი დონის კონფერენცია სასტუმრო „ქორთიარდ მარიოტში“ მიმდინარეობს. კონფერენციის მონაწილეებს დღეს თავდაცვის მინისტრის მოადგილემ, ანა დოლიძემ მიმართა და სექტემბრიდან ევროკავშირის სამოქალაქო მისიებში საქართველოს ჩართვაზე ისაუბრა.
სამდღიანი კონფერენციის ფარგლებში თავდაცვისა და სხვადასხვა სახელმწიფო უწყებისა და ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის წარმომადგენლები ტერორიზმის, ჰიბრიდული საფრთხის, კიბერუსაფრთხოებისა და მიგრაციის საკითხებზე, ასევე, ევროკავშირის ეგიდით მსოფლიოს მასშტაბით განხორციელებულ სამხედრო და სამოქალაქო მისიებზე, ამ მისიებში საქართველოს მონაწილეობისა და მიღებული გამოცდილების შესახებ იმსჯელებენ.
ევროკავშირის ერთიანი უსაფრთხოებისა და თავდაცვის პოლიტიკის მაღალი დონის კონფერენციას საქართველო პირველად მასპინძლობს. საერთაშორისო ფორუმი ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიასთან აქტიური თანამშრომლობის შედეგად დაიგეგმა და სახელმწიფო უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის საბჭოს ორგანიზებით ტარდება.