საქართველოს თავდაცვის მინისტრი თინათინ ხიდაშელი ევრაზიის ებრაელთა მხარდამჭერი ეროვნული კოალიციის წარმომადგენლებს შეხვდა. შეხვედრაზე ორგანიზაციის ხელმძღვანელობამ ქართველ და ებრაელ ხალხთა შორის მეგობრობის მრავალსაუკუნოვან ისტორიაზე გაამახვილა ყურადღება.
მხარეებმა საქართველო-ისრაელისა და საქართველო-აშშ-ის ურთიერთობებზე ისაუბრეს, ასევე განიხილეს საქართველოსა და ზოგადად რეგიონში არსებული უსაფრთხოების გარემო, რუსეთის პოლიტიკა საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებთან მიმართებაში. შეხვედრის ერთ-ერთი მთავარი თემა იყო საქართველოს ნატოში გაწევრიანების გზაზე არსებული პროგრესი, ალიანსის საგარეო საქმეთა მინისტერიალის შედეგები და საქართველოს გზა მინისტერიალიდან ვარშავის სამიტამდე. მასპინძელთა მიერ ხაზგასმით აღინიშნა და დადებითად შეფასდა საქართველოს მიერ საერთაშორისო უსაფრთხოების განმტკიცებაში შეტანილი წვლილი. მხარეებმა ასევე განიხილეს აშშ-საქართველოს სტრატეგიული პარტნიორობის ფარგლებში თავდაცვის სფეროში თანამშრომლობის საკითხები და სამომავლო პერსპექტივები.