ევროკავშირის ერთიანი უსაფრთხოების და თავდაცვის პოლიტიკის თემაზე საერთაშორისო კონფერენცია (1st CSDP High Level Cobference) გაიხსნა. კონფერენცია სახელმწიფო უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის საბჭოს და ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატის ორგანიზებით იმართება.
ღონისძიება საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის ხელმძღვანელმა, ელჩმა იანოშ ჰერმანმა, სახელმწიფო უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის საბჭოს მდივანმა მინდია ჯანელიძემ და ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის მოადგილემ არჩილ ყარაულაშვილმა გახსნეს.
კონფერენციაზე განიხილება "ევროკავშირის ერთიანი უსაფრთხოების და თავდაცვის პოლიტიკის" ფორმატში თანამშრომლობის საკითხები, კერძოდ, ტერორიზმის, კიბერუსაფრთხოებისა და მიგრაციის თემები, ევროკავშირის მიერ მსოფლიოს მასშტაბით განხორციელებულ სამხედრო და სამოქალაქო მისიებში საქართველოს მონაწილეობის საკითხი, ასევე, სამომავლო გეგმები ამ მისიებში საქართველოს ჩართულობის კუთხით. აღსანიშნავია, რომ მომავალი წლიდან ევროკავშირის ერთიანი უსაფრთხოებისა და თავდაცვის პოლიტიკაში ჩვენი ქვეყნის ჩართულობა კიდევ უფრო გაღრმავდება, რასაც ევროკავშირის მიერ დამტკიცებული საქართველო-მოლდოვას ერთობლივი პროექტი ითვალისწინებს.
კონფერენციაზე მოხსენებებს წაიკითხავენ თავდაცვის მინისტრის მოადგილე ანა დოლიძე (ევროკავშირის მისიებში საქართველოს მონაწილეობა), იუსტიციის მინისტრის მოადგილე გოჩა ლორთქიფანიძე (მიგრაციის კუთხით ბოლო წლებში საქართველოში გატარებული რეფორმები), სახელმწიფო უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის საბჭოს აპარატის მრჩევლები: გიორგი ტიელიძე (კიბერსუსაფრთხოების გარემო საქართველოში), მარიამ ჭუმბაძე (საქართველოს მიერ ევროკავშირის ერთიანი უსაფრთხოებისა და თავდაცვის პოლიტიკის კუთხით განხორციელებული აქტივობები და სამომავლო გეგმები) და სერგო თურმანიძე (ტერორიზმი და ექსტრემიზმი).
ღონისძიებაში მონაწილეობენ საქართველოში ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის (EUMM) ხელმძღვანელი კიასტუტის იანკაუსკასი, ევროპის უსაფრთხოებისა და თავდაცვის კოლეჯის პრორექტორი - ევროკავშირის კურსების ხელმძღვანელი იოჰან რელი, ევროკავშირის მისიების დაგეგმარების სამსახურის უფროსი მარკ ფრანკო. ასევე, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს, იუსტიციის სამინისტროს, საგარეო საქმეთა სამინისტროს, შს სამინისტროს, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის, მთავარი პროკურატურის, ეროვნული უშიშროების საბჭოს ხელმძღვანელი პირები.
ევროკავშირის ერთიანი უსაფრთხოების და თავდაცვის პოლიტიკის თემაზე საერთაშორისო კონფერენცია სახელმწიფო უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის საბჭოს და ევროკავშირის მისიის აქტიური თანამშრომლობის შედეგად დაიგეგმა.