სასტუმრო „რადისონ ბლუ ივერიაში“ სტაჟირებისა და დასაქმების „ტექნოლოგიური ფორუმი“ გაიმართა. ფორუმის მიზანს ახალგაზრდების დასაქმებისა და სტაჟირების ხელშეწყობა-პოპულარიზაცია წარმოადგენდა.
შეხვედრაში საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ადამიანური რესურსების მართვისა და პროფესიული განვითარების დეპარტამენტის წარმომადგენლები მონაწილეობდნენ. მათ სხვადასხვა უნივერსიტეტის დამამთავრებელი კურსის სტუდენტებს, მაგისტრანტებსა და კურსდამთავრებულებს თავდაცვის სამინისტროს საკადრო პოლიტიკა გააცნეს და ღია კონკურსების შესახებ დეტალური ინფორმაცია მიაწოდეს. ახალგაზრდებმა თავდაცვის უწყებაში მიმდინარე ღია კონკურსების შესახებ ბროშურები და არსებული ვაკანსიების ამობეჭდილი ვერსიებიც მიიღეს.
ამჟამად სამინისტროს სამოქალაქო ოფისსა და მის დაქვემდებარებულ ერთეულებში 45 ვაკანსიაა გამოცხადებული. ახალგაზრდები ყველაზე მეტად საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტსა და კიბერუსაფრთხოების ბიუროს ვაკანსიებით დაინტერესდნენ. ბევრმა მათგანმა თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენლებს CV-ებიც დაუტოვა, რომელსაც უწყების თანამშრომლები შესაბამის დეპარტამენტებში თავად გადაგზავნიან.
„დასაქმების ტექნოლოგიური ფორუმის“ დასრულების შემდეგ ადამიანური რესურსების მართვისა და პროფესიული განვითარების დეპარტამენტის წარმომადგენლებმა თავდაცვის სამინისტროს მიერ გამოცხადებული ვაკანსიები თითქმის ყველა აკრედიტებულ უმაღლეს სასწავლებელში გადააგზავნეს.
სტაჟირებისა და დასაქმების ფორუმი სსიპ "ტექნოლოგიური განვითარების ფონდის" ორგანიზებით პროექტ „პროფესიული სამყაროს“ ფარგლებში გაიმართა. ღონისძიებას თბილისის მერი დავით ნარმანია და "ტექნოლოგიური განვითარების ფონდის" ხელმძღვანელი კახაბერ გვანცელაძე დაესწრნენ. ფორუმში კერძო და საჯარო სექტორიდან 40-ზე მეტი ორგანიზაცია მონაწილეობდა.