ბიზნესის ჩემპიონთა ლიგის მორიგ სათამაშო დღეს, ახალ სპორტის სასახლეში სოციალური პროექტის - „გაიცანი ჩვენი ქვეყნის გმირი“ - პრეზენტაცია გაიმართა.
პროექტი სპორტული სააგენტო SBM-ის ინიციატივით საქართველოს თავდაცვის სამინისტროსთან ერთად ხორციელდება. სოციალური პროექტის მიზანია, საზოგადოებამ ახლოს გაიცნოს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის ბრძოლებსა და საერთაშორისო მისიებში გამოჩენილი და გამორჩეული ქართველი სამხედრო მოსამსახურეები.
პირველი სტუმარი 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის მონაწილე, შინდისის ბრძოლაში დაჭრილი, 27 წლის კაპრალი ტრისტან ჩიტიძე გახლდათ, რომელიც კვირას, "ნატახტარსა" და PSP-ს შორის გამართულ ცენტრალურ შეხვედრას დაესწრო, გუნდებთან ერთად სამახსოვრო ფოტო გადაიღო და ორგანიზატორებისგან სიმბოლური საჩუქრებით დაჯილდოვდა.
ტრისტან ჩიტიძე 2008 წლის 11 აგვისტოს მომხდარი შინდისის ბრძოლის ერთ-ერთი ცოცხალი გმირია. ამ მძიმე დღის შემდეგ მას რვა ოპერაციის გადატანა დასჭირდა, ოთხი საქართველოში ჩაუტარდა, ოთხი - ისრაელში. წელიწადნახევრიანი ინტენსიური მკურნალობის შედეგად კაპრალ ჩიტიძეს ორივე ფეხი შეუნარჩუნეს.
დღეს იგი აქტიურად მისდევს ჯანსაღი ცხოვრების წესს, ყოველ დღე, საშუალოდ, 20 კილომეტრს დარბის. სულ ახალხან კი მეგობრებთან ერთად 42-კილომეტრიან მარათონში მიიღო მონაწილეობა.
სოციალური პროექტი „გაიცანი ჩვენი ქვეყნის გმირი“ თვეში ერთხელ განხორციელდება და ბიზნესის ჩემპიონთა ლიგის თამაშებზე მისულ გულშემატკივრებს საშუალება ექნებათ, უშუალოდ გაიცნონ გამორჩეული ქართველი ჯარისკაცები.
ბიზნესის ჩემპიონთა ლიგაში წარმატებული ბიზნესორგანიზაციებისა და სახელმწიფო უწყებების სამოყვარულო გუნდები მონაწილეობდნენ. 2015 -16 წლების სეზონი რიგით მერვეა ბიზნესის ჩემპიონთა ლიგის ისტორიაში. აღნიშნული გათამაშება, მთელი თავისი არსით, ჯანსაღი ცხოვრების პროპაგანდას და ორგანიზაციებში კორპორატიული სულისკვეთების ამაღლებას ემსახურება.
წლევანდელი ჩემპიონატი ექვსი სხვადასხვა კორპორატიული და არაკორპორატიული ლიგის ფორმატში ტარდება და მასში 60 გუნდი მონაწილეობს.