რესპოდენტის შესახებ
2016 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის პოლიტიკური ძალები მზადებას იწყებენ, კოალიცია „ქართულ ოცნებაში“ კი, კონსულტაციების დაწყების მოლოდინში არიან - ვის რამდენი მანდატი ერგება.
საარჩევნო ბატალიებზე, „ჯი-ეიჩ-ენი“ პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარეს, თამაზ მეჭიაურს ესაუბრა:
პარლამენტი 2016 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტს იხილავს. როგორ ფიქრობთ, ეს დოკუმენტი ქვეყანაში არსებული სოციალური გამოწვევების ადეკვატურია?
მომავალი წლის ბიუჯეტის ვარიანტი სოციალურ გამოწვევებს იმ რეალური საშუალებების გათვალისწინებით პასუხობს, რაც ქვეყანას გააჩნია. ჯანდაცვის სისტემამ მოსახლეობის ყველა ფენა მოიცვა და ამ მიმართულებით სვლა მომავალშიც გაგრძელდება. რაც შეეხება პენსიებს, მიუხედავად იმისა, რომ ჯანდაცვის სისტემაზე ამხელა თანხები იხარჯება, მთავრობასთან ერთად რეზერვის გამონახვა მოვახერხეთ, რომლითაც მომავალი წლიდან, პენსიების 20 ლარით გაზრდა მოხდება.
პენსიის 20-ლარიანი ზრდა საკმარისია? თქვენ ფიქრობთ, რომ პენსიონერს თვის განმავლობაში, 180 ლარი ჰყოფნის?
პენსიის მეტი რაოდენობით გაზრდა შეგვეძლო, მაგრამ მაშინ, იმის ძიება უნდა დაგვეწყო, თანხები რომელი სფეროსთვის მოგვეკლო. თუკი „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ დაანონსებულ პოპულისტურ პროგრამას თავს დავანებებთ, მაშინ რეალურად, ეს თანხა ან ჯანდაცვისთვის, ან განათლებისთვის უნდა მოგვეკლო. თუკი ჯანდაცვის დაფინანსებას შევამცირებდით და ამ ტვირთს მოსახლეობას ავკიდებდით. ამ შემთხვევაში, ამ თანხის გაზრდა შეიძლებოდა, მაგრამ ეს მეორე უკიდურესობამდე მიგვიყვანდა. საკმარისი გაზრდილი პენსიაც ვერ იქნება.
თქვენ ამომრჩეველს პენსიის 220 ლარამდე გაზრდას ჰპირდებოდით. ამ პირობას რატომ არ ასრულებთ?
ეს რომელ პროგრამაში ნახეთ? არ მახსოვს, რომ ეს დაპირება გაგვეცა. მე მახსოვს, რომ პენსიის საარსებო მინიმუმდე გათანაბრება დავაანონსეთ.
საარსებო მინიმუმი რამდენია?
დღევანდელი გაანგარიშებით გაცილებით ნაკლებია, ვიდრე 220 ლარი. ის დღეს, დაახლოებით 163 ლარია.
საკრებულოს წევრმა, რიმა ბერაძემ განაცხადა, რომ სოციალურად დაუცველი ადამიანის გამოსაკვებად დღეში 1 ლარი და 18 თეთრი საკმარისია, რადგან მასში აუცილებელი კალორიები შედის. მას ეთანხმებით?
ვერსად ვერ ვნახე ის, სადაც ქალბატონი რიმა ამას ამბობს. გიორგი გაბუნიას გადაცემასაც ვუყურე, სადაც მან პირდაპირ მოითხოვა, რომ მისთვის ჩანაწერი ეჩვენებინათ, სადაც ეს თქვა. მას ასეთი ჩანაწერი ვერ აჩვენეს. ასე, რომ გაბუნიას მიერ კონტექსტიდან ამოგლეჯილ ფრაზებზე კომენტარს ვერ გავაკეთებ, რადგან მათ ობიექტურობაზე შეხედულება დიდი ხანია დაკარგული მაქვს.
თქვენთვის დღეში რამდენი ლარია საკმარისი, რომ თავი გაიტანოთ?
მთხოვნელები მყავს, თან ისე მიყვარს, რომ სხვებსაც დავეხმარო და მეც დავხარჯო და ამ კუთხით, შეიძლება, ზედა ზღვარი ვერ ვნახო. ისეთი შემთხვევებიც ყოფილა, როცა მე და ჩემს მძღოლს სუპები რომ არის, იმაში ხან კვერცხი დაგვიმატებია, ხან „ტუშონკა“ და ეს დიდი დანახარჯი არ იყო. კერძი 5 ლარადაც მოგვიმზადებია.
ანუ, ერთ დღეში თავი 5 ლარადაც გაგიტანიათ?
შეიძლება, ეს კერძი 5 ლარიც არ დამჯდარა. ეს იმიტომ კი არ მოხდა, რომ ეკონომიას ვაკეთებდით, უბრალოდ, ასე მოხდა. რა თქმა უნდა, კერძის მომზადებას 5 ლარი არ ეყოფა, მაგრამ შეიძლება, ვიღაცამ 5-10 ლარად იარსებოს და არ ვამბობ, რომ ეს კარგი ცხოვრებით არის გამოწვეული. ჩვენ რომ ულუფა დავამზადეთ, ის ხუთმა კაცმა გავინაწილეთ და 1,18 ლარიც არ გამოგვივიდა. ამით თავი მაინცდამაინც შეურაცხყოფილად არ გვიგვრძნია. ადამიანი თავისი შემოსავლით შეურაცხმყოფილი არ უნდა იყოს. ქართული ხასიათი მაინც სხვაა, აქ მხოლოდ თავის გატანაზე ხომ არ არის საუბარი? სტუმარი რომ მოგივა, პატივი ხომ უნდა სცე?
თქვენ თქვით, რომ ადამიანს ისეთი შემოსავალი არ უნდა ჰქონდეს, თავი შეურაცხყოფილად რომ არ იგრძნოსო. თქვენ თქვენი ხელფასით კმაყოფილი ხართ?
თუკი ჩვენს ხელფასს ამერიკელი კონგრესმენის ხელფასს შეადარებთ, რა თქმა უნდა, ჩემი ცოტაა, მაგრამ თუკი ამ რაოდენობას საქართველოში მცხოვრები პენსიონერის პენსიას შეადარებთ, ისგაცილებით ბევრია და შეიძლება, თავი უხერხულადაც იგრძნო. თუკი ჩემს ხელფასზე ვისაუბრებთ, ბინა არ მაქვს და ვერ გავბედე, რომ ოროთახიანი ბინის ყიდვისთვის კრედიტი ამეღო. ვაითუ, მერე რაიმე პრობლემა მქონდეს. დღე არ გავა, რომ ვინმეს 50-100 ლარი არ მივცე, ხან ჭირია, ხან ლხინი და თავიც გაგვაქვს. ზოგიერთ დეპუტატს თავისი ბიზნესი აქვს და უფრო მეტი აქვს, მაგრამ ამ ყველაფერს შურით არ უნდა უყურო. თუკი დეპუტატობა არ გინდა, ამას არავინ გაძალებს. რადგან აქ მოვედი, ეს ჩემი თანხმობის გარეშე, ხომ ვერ მოხდებოდა? - იმ ხელფასსაც უნდა დავჯერდე, რომელიც მაქვს.
მომავალ პარლამენტში ყოფნის სურვილი გაქვთ?
ეს ჩემზე არ არის დამოკიდებული. რა თქმა უნდა, უარს არ ვიტყვი და ეს ნორმალური გადაწყვეტილებაც იქნება.
ისევ საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარეობა გსურთ?
ჯერ იქამდე მივიდეთ, რომ არჩევნები ჩატარდეს.
არჩევნებამდე საარჩევნო სია უნდა იყოს მზად...
ჯერ სიაში უნდა მოხვდე, რომ რაიმე დააპირო. აქედან გამომდინარე, წინა საარჩევნო ბატალიებში ჩვენს ადგილს უნდა დაველოდოთ.
პოლიტიკურ კულუარებში აცხადებენ, რომ საარჩევნო სიას ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი ადგენს. თქვენ რა ინფორმაციას ფლობთ?
უმრავლესობიაში კონსულტაციები დაიწყება, ორმხრივი წინადადებები იქნება და გადაწყდება, პარლამენტში ვინ დარჩება, აღმასრულებელ ხელისუფლებაში ვინ გადავა და სხვადასვა უწყებაში ვინ გადანაწილდება. როგორ ვიცი, კონსულტაციები დეკემბრის ბოლომდე გაიმართება და მარტამდე სია გამოიკვეთება.
საუბარია იმაზე, რომ ივანიშვილი პარლამენტის არსებული შემადგენლობით უკმაყოფილოა და სიას მაქსიმალურად კურირებს, რათა შეცდომები ისევ არ დაუშვას. ეს მართალია?
ყველა პარტია თავისი საპარლამენტო შემადგენლობის გაუმჯობესებას ცდილობს. სიის გადახალისება უნდა მოხდეს, რადგან არიან წარმატებული ადამიანები და პირიქით. შეიძლება, რომელიმე წარუმატებელი ფიგურა სხვა რომელიმე სფეროს წარმატებით მოერგოს. შეიძლება, ბევრი წარმატებული ადამიანი პარლამენტში წარუმატებელი იყოს. იმისათვის, რომ ადამიანებს კოალიციის წინაშე არსებული დამსახურება არ დაეკარგოთ, მათი იქ გამოყენება უნდა მოხდეს, სადაც ისინი პარტიას და ქვეყანას უფრო მეტ სარგებელს მოუტანენ.
პარლამენტში ყოფნის სურვილი გამოთქვით და ეს კოალიციის, ასევე ივანიშვილის მხრიდან ადეკვატურად იქნება აღქმული?
ვერ გეტყვით. თუკი მსგავსი შემოთავაზება იქნება, ამას დავთანხმდები. მგონია, რომ პარლამენტს რაღაც სარგებლობას მოვუტან. არ ვამბობ, რომ დეპუტატობის გარეშე ცხოვრება არ შემიძლია.
მერვე მოწვევის პარლამენტს რა სარგებლობა მოუტანეთ?
როგორ გითხრათ? - შეიძლება, ვარსკვლავები არ მომიწყვეტია, მაგრამ რა დავალებებიც მქონდა, შევასრულე. მათ შორის, აუდიტის საქმიანობის შემსწავლელი კომისიის მუშაობა საკმაოდ წარმატებული იყო. საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარეობის პერიოდში, რა საკითხიც ჩვენ დაგვევალა, ყველაფერი ბოლომდე მივიყვანეთ. ვერავინ იტყვის, რომ კომიტეტი თავის ფუნქციას ვერ ასრულებს, განსაკუთრებით არსებული გამოწვევების ფონზე. მთელი რიგი კანონპროექტები მიღებულია, ნაწილზე ვმუშაობთ.
თქვენ პარლამენტში უფრო აქტიური საკანონმდებლო საქმიანობის კუთხით ხართ თუ უფრო პოლიტიკური განცხადებების კეთების თვალსაზრისით? თქვენს თავს უფრო მეტად, რითი წარმოაჩენთ?
კანონპროექტებს გუნდი ამზადებს და ამ შემთხვევაში, უფრო მენეჯერი ვიყავი, ვიდრე კანონპროექტების უშუალო ავტორი. კანონპროექტების მომზადების პროცესში ჩართულნი არიან ექსპერტები და მთავრობა. რაც შეეხება ორგანიზაციულ მხარეს, კომიტეტის თავმჯდომარის პირდაპირი ფუნქცია არ არის, რომ კანონპროექტები წეროს. მისი ვალდებულებაა, ამ ყველაფერს ორგანიზება გაუწიოს და რეალური შედეგის მისაღწევად შესაძლებლობები მაქსიმაურად მიმართოს.
2012 წელს, თქვენი გამარჯვება ივანიშვილის ფაქტორმა განაპირობა და როგორ ფიქრობთ, მის გარეშე არჩევნების მოგება არ გაგიჭირდებათ?
მაშინ, სიაში ივანიშვილის ყოფნა დიდი ფაქტორი იყო, მაგრამ მას ლიდერად სხვა რომ დაეყენებინა და განეცხადებინა, სიაში არ ვიქნები, მაგრამ პრემიერად მოვალო, შედეგი დაახლოებით იგივე იქნებოდა. მთავარია, ხალხმა დაიჯეროს, რომ კოალციიის უკან ივანიშვილი დგას.
კოალიციის ბევრი დაპირება ისევ შეუსრულებელია, ხალხი ივანიშვილის ისევ დაუჯერებს?
მისი რატომ არ უნდა ირწმუნონ?
2016 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის პოლიტიკურ ფლანგზე ბევრი მოთამაშე შემოვა - ინაშვილი, ბურჯანაძე, ბურჭულაძე. შანსები არ გიმცირდებათ?
რაც არ უნდა ვილაპარაკოთ, რომ ხელისუფლება დემოკრატიული გზით გადმოგვეცა, 2012 წლის არჩევნები მაინც გაყალბებული იყო. ჩვენმა პოლიტიკურმა ძალამ შედეგი ნაციონალებს დაუთმო. სულ სხვა შედეგი იყო და სულ სხვა მივიღეთ. რეალურად, ჩვენი შედეგი დაახლოებით 75 პროცენტი იყო, ნაციონალების კი, 25 პროცენტიც არ იყო.
თუკი ეს ასე იყო, მაშინ შედეგი რატომ დათმეთ?
არ ვიცი, რატომ დავუთმეთ. რა ხდებოდა, არ ვიცი. ფაქტია, რომ ეს შედეგი არავის გაუპროტესტებია. გახსოვთ, ალბათ, რომ რეგიონებში ნიღბიანები შედიოდნენ და ყუთებს იტაცებდნენ.
პოლიტიკაში ივანიშვილის დაბრუნებას გამორიცხავთ?
მოსულია, აბა, სხვა რაა? - პოლიტიკაში მოსვლა თანამდებობის დაკავებას არ ნიშნავს. ის შეიძლება, იმ პოლიტიური გუნდის ლიდერი იყოს, რომელსაც ხელისუფლებაში მოიყვანს.
ამ შემთხვევაში, მისი სტატუსი რა იქნება?
შეიძლება, ის პარტიის ლიდერი იყოს, ან კოალიციის. თუკი ის გადაწყვეტილებას მიიღებს, ის ალბათ, კოალიციის ლიდერის რანგში მოვა.
2016 წლის არჩევნებისთვის, კოალიცია არსებული შემადგენლობით წარსდგება?
ამას ვერ გეტყვით.
კოალიციაში „რესპუბლიკელების“ ყოფნას ისურვებდით?
ამ საკითხის დაკონკრეტებისგან თავს შევიკავებდი. კოალიცია შეიძლება ბევრთან იყოს, მაგრამ მომხრე ვარ, რომ კოალიცია იმ პროპორციით და თანაფარდობით გაკეთდეს, რაც პარტიებს კოალიციაში მიაქვთ. ანუ, ყველამ ის მიიღოს, რაც კოალიციაში მიაქვთ. რაღაცნაირად ყველა პარტიის განსაზღვრა უნდა მოხდეს.
„რესპუბლიკელები“ კოალიციაში რა ძალას წარმოადგენენ?
ისინი კოალიციის წევრები არიან და ამ კითხვაზე პასუხის გაცემისგან თავს შევიკავებ.
„ჯი-ეიჩ-ენი“, ნინო ხვადაგიანი