მარნეულის სპორტის სასახლეში შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა უფლებების დაცვის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი სპორტული ღონისძიებები გაიმართა. შეჯიბრებები სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს ინიციატივით მოეწყო და მასში საერთაშორისო სამშვიდობო მისიებსა და ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობისთვის დაშავებული სამხედრო მოსამსახურეები ჩაერთნენ.
ღონისძიებაში ექვსი სამხედრო მოსამსახურე მონაწილეობდა. გრიგოლ მინაგორაშვილი - დარტსი, ჭადრაკი, ნარდი; რომან კორტავა - ნარდი; მიხეილ დოლიძე - ჭადრაკი, ნარდი; დავით ნარეშელაშვილი - ნარდი, მკლავჭიდი; აბესალომ ბუკია - მკლავჭიდი; ახმედ საფაროვი - ნარდი.
სამხედროებმა სპორტულ შეჯიბრებაში წარმატებებს მიაღწიეს. მიხეილ დოლიძემ ჭადრაკში პირველი ადგილი დაიკავა, დავით ნარეშელაშვილი მკლავჭიდსა და ნარდში მესამე ადგილზე გავიდა. მკლავჭიდში ასევე მესამე ადგილს დასჯერდა აბესალომ ბუკია, ხოლო, კალათბურთში პირველობა გრიგოლ მინაგორაშვილის გუნდმა მოიპოვა. გამარჯვებულ გუნდებსა და სპორტსმენებს თასები, მედლები და სხვადასხვა საჩუქრები გადაეცათ.
სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტრო შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა უფლებების დაცვის საერთაშორისო დღეს მეორე წელია აღნიშნავს. დაშავებული სამხედროები მსგავს შეჯიბრებებში ასევე მეორედ მონაწილეობენ. წლევანდელი ღონისძიების დევიზი იყო - არა ბარიერებს! არა შეზღუდვებს!