საქართველოს შეიარაღებული ძალების მაღალი რანგის ოფიცერთა ვიზიტი ავღანეთის ისლამურ რესპუბლიკაში დასრულდა. სახმელეთო ჯარების დასავლეთის სარდალი, პოლკოვნიკი მიხეილ სადუნიშვილი და III ქვეითი ბრიგადის მეთაური, ვიცე-პოლკოვნიკი როლანდ კიკნაველიძე ავღანეთის ჩრდილოეთით, მაზარ-ი-შარიფში მდებარე ბაზა „მარმალზე“ დისლოცირებულ 31-ე ბატალიონის „ალფა” ასეულს ეწვივნენ. მათთან ერთად „მარმალზე“ იმყოფებოდნენ ავღანეთში საქართველოს უფროსი წარმომადგენელი, პოლკოვნიკი გიორგი ბლიაძე და წარმომადგენლობის მთავარი სერჟანტი ალუდა კოპალიანი. „ალფა“ ასეულის ხელმძღვანელობამ სარდლობას საინფორმაციო ბრიფინგზე დეტალურად გააცნო ქვედანაყოფის წინაშე დასახული ამოცანები.
სტუმრებმა სამხედროების საცხოვრებელი გარემოც დაათვალიერეს. დელეგაციის წევრების განცხადებით, გერმანული სარდლობის დაქვემდებარებაში მყოფი ქართველი ჯარისკაცები საუკეთესო პირობებში ცხოვრობენ და ყველანაირი პირობა აქვთ შექმნილი პროფესიული უნარ-ჩვევების გასამტკიცებლად. სტუმრები სამხედრო მოსამსახურეებს პირადად გაესაუბრნენ და მათ შეკითხვებს უპასუხეს. მოგვიანებით 31-ე ბატალიონის „ალფა“ ასეულის პირადმა შემადგენლობამ მათზე დაკისრებული ამოცანების პირნათლად შესრულებისთვის მადლობის სერტიფიკატები მიიღო.
საქართველოს შეიარაღებული ძალების დელეგაცია მაზარ-ი-შარიფში „მტკიცე მხარდაჭერის“ მისიის ჩრდილოეთის სარდლობის ხელმძღვანელს, ბრიგადის გენერალ ანდრეას ჰანემანსა და მის მოადგილეს, პოლკოვნიკ სედრიკ კერინგტონსაც შეხვდა. მხარეებმა ერთმანეთს სამახსოვრო საჩუქრებიც გადასცეს.
„მტკიცე მხარდაჭერის“ მისიის ფარგლებში, 31-ე ბატალიონის გაძლიერებული ასეულის უმთავრესი ამოცანა სამოქმედო რაიონში უსაფრთხოების განმტკიცება და სწრაფი რეაგირების ამოცანების გადაჭრაა.