ქართულ-აზერბაიჯანული ორმხრივი ურთიერთობები და თანამშრომლობის სამომავლო პერსპექტივები განიხილა საქართველოს თავდაცვის მინისტრმა აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრ არტურ რასი-ზადესთან შეხვედრისას.
„ვისაუბრეთ მიმდინარე პროექტებზე, თანამშრომლობის შესაძლებლობებზე, საქართველო-აზერბაიჯანის ორმხრივი ურთიერთობის კიდევ უფრო გაღრმავებაზე. ბუნებრივია, როდესაც გაქვს პრემიერის მხარდაჭერა, პრეზიდენტის მხარდაჭერა, გაცილებით ადვილია, უწყებრივად, ამ ურთიერთობების ნორმალიზაცია, აწყობა, კონსტრუქციულ ჩარჩოებში მოქცევა. დარწმუნებული ვარ, რომ იმ გზავნილების შემდეგ, რომელიც დღეს აზერბაიჯანის პრემიერისგან და პრეზიდენტისგან მივიღეთ, ქართულ-აზერბაიჯანული ორმხრივი ურთიერთობები თავდაცვის სფეროშიც კიდევ უფრო ფართო და საინტერესო გახდება“, - განაცხადა თინათინ ხიდაშელმა.
თავდაცვის მინისტრი ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში უკვე შეხვდა აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრეზიდენტს ილჰამ ალიევსა და თავდაცვის მინისტრს, გენერალ-პოლკოვნიკ ზაკირ ჰასანოვს. შეხვედრებს საქართველოს თავდაცვის უწყებიდან მინისტრის პირველი მოადგილე დავით ებრალიძე, გენერალური შტაბის უფროსის მოადგილე, პოლკოვნიკი რომან ჯოხაძე და საქართველოს ელჩი აზერბაიჯანში თეიმურაზ შარაშენიძე დაესწრნენ.