საქართველოს თავდაცვის მინისტრი თინათინ ხიდაშელი ოფიციალური ვიზიტით აზერბაიჯანის რესპუბლიკაში იმყოფება. აზერბაიჯანის პრეზიდენტთან ილჰამ ალიევთან შეხვედრის შემდეგ თინათინ ხიდაშელს აზერბაიჯანელმა კოლეგამ, გენერალ-პოლკოვნიკმა ზაკირ ჰასანოვმა უმასპინძლა. ოფიციალური დახვედრის ცერემონიალის შემდეგ თავდაცვის სამინისტროში მინისტრების პირისპირ შეხვედრა გაიმართა. მხარეებმა ორ ქვეყანას შორის თავდაცვის სფეროში თანამშრომლობის საკითხები და ურთიერთობის გაღრმავების გეგმები განიხილეს. განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა სამშვიდობო ოპერაციებში მონაწილეობის საკითხზე. საქართველოს თავდაცვის მინისტრის განცხადებით, ორ ქვეყანას შორის არსებული წარმატებული თანამშრომლობა მნიშვნელოვანია მთელი რეგიონისთვის.
„ვისაუბრეთ ორმხრივ ურთიერთობებსა და იმ სტრატეგიულ პარტნიორობაზე, რომელიც საქართველოს აზერბაიჯანთან აქვს. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია სამშვიდობო ოპერაციებში მონაწილეობა. საქართველომ და აზერბაიჯანმა მაქსიმალურად კოორდინირებულ რეჟიმში უნდა ვიმოქმედოთ, როდესაც საქმე ეხება ჩვენს კონტრიბუციას, იქნება ეს სამშვიდობო მისიებში, თუ „მტკიცე მხარდაჭერის“ ოპერაცია ავღანეთში. გაცილებით უფრო ეფექტური, შედეგიანი, რეგიონისთვის მეტი უსაფრთხოების მომტანი იქნება თუკი ჩვენ მოვახერხებთ და ერთობლივად, ერთიანი ხმით, ერთიანი პოზიციებით წარვსდგებით საერთაშორისო თანამეგობრობის წინაშე. ეს წაადგება საქართველოსაც, აზერბაიჯანსაც და მთლიანად რეგიონს. რაც უფრო მეტად იქნება საქართველო და აზერბაიჯანი სამშვიდობო ოპერაციებში საერთაშორისო დონეზე, მით უფრო მაღალია გარანტიები იმისა, რომ ჩვენი რეგიონი დაცული იქნება. ამ ფონზე კონფლიქტის, ომის საფრთხის და რაიმე გართულების ალბათობა უფრო შემცირდება“,- განაცხადა თინათინ ხიდაშელმა.
ორ კვირაში სტამბოლში საქართველო-აზერბაიჯანი-თურქეთის სამმხრივი ფორმატის სამიტი გაიმართება. საქართველოს თავდაცვის მინისტრის განცხადებით, სამი ქვეყანა თანამშრომლობის კონკრეტულ დეტალებზე, სწორედ, ამ სამიტზე ჩამოყალიბდება.