საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის სტრატეგიული თანამშრომლობის საკითხები განიხილეს აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა და საქართველოს თავდაცვის მინისტრმა თინათინ ხიდაშელმა ბაქოში გამართულ შეხვედრაზე. თინათინ ხიდაშელი ბრიუსელის შემდეგ ოფიციალური ვიზიტით აზერბაიჯანს ესტუმრა. საუბრის ერთ-ერთი მთავარი თემა რეგიონის სტრატეგიული ენერგოსატრანსპორტო ინფრასტრუქტურის დაცვის საკითხი იყო.
„ვისაუბრეთ სტრატეგიულ თანამშრომლობაზე, მათ შორის ნავთობსადენების უსაფრთხოების თემაზე. განვიხილეთ თუ რა დამატებითი ზომები შეიძლება განვახორციელოთ ნავთობსადენების დასაცავად დღევანდელი გამოწვევების პერიოდში. განვიხილეთ ენერგეტიკული პროექტები, რომელშიც საქართველო და აზერბაიჯანი ერთობლივად მონაწილეობენ. კიდევ ერთხელ ხაზგასმით უნდა ვთქვათ, რომ ჩვენს რეგიონში მიმდინარე უსიამოვნო მოვლენების გათვალისწინებით პროექტებთან დაკავშირებული ობიექტები შეიძლება ხვალ უფრო მაღალი რისკის შემცველებად იქცნენ. შესაბამისად, პარტნიორ ქვეყნებს მეტი მცდელობის და ღონისძიების განხორციელება დაგვჭირდება იმისათვის, რომ რისკები საფრთხეებში არ გადაიზარდოს. ასევე ვისაუბრეთ ჩვენს ტრადიციულ თემებზე, ურთიერთობებზე, რომელიც გვაახლოებს ორ სახელმწიფოს, აჩენს უზარმაზარ შესაძლებლობებს და პოტენციალს იმისათვის, რომ ჩვენი მოსახლეობისთვის უფრო ეფექტური, შედეგიანი და ნათელი იყოს ამ თანამშრომლობის შედეგები“, - განაცადა თინათინ ხიდაშელმა.
ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, თავდაცვის მინისტრი ბაქოში საზოგადო მოღვაწეთა პანთეონს „ფაჰრი ჰიაბანის“ ეწვია და აზერბაიჯანის ხალხის საერთო ეროვნული ლიდერის ჰეიდარ ალიევის და მისი მეუღლის ზარიფა ალიევას საფლავები გვირგვინით შეამკო.