საქართველოს თავდაცვის მინისტრმა თინათინ ხიდაშელმა გერმანიის მარშალის ფონდის (GMF) ბრიუსელის ბიუროს მიერ ორგანიზებულ დისკუსიაში მიიღო მონაწილეობა. სესიაზე - „უსაფრთხოება საქართველოსა და შავი ზღვის რეგიონში: სად მთავრდება ევროპის თავისუფლების ზონა“ თინათინ ხიდაშელთან ერთად ნატოს გენერალური მდივნის თანაშემწის მოადგილე უსაფრთხოების გამოწვევების საკითხში, ჯეიმი ში გამოვიდა. დისკუსიას მოდერატორობას გერმანიის მარშალის ფონდის ბრიუსელის ბიუროს აღმასრულებელი დირექტორი იან ლესერი უწევდა.
თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, შეხვედრაზე რეგიონში არსებული უსაფრთხოების მდგომარეობა, რუსეთის ქმედებები რეგიონში, საქართველოს ევროატლანტიკური მისწრაფებები, საქართველოს წვლილი გლობალური უსაფრთხოების უზრუნველყოფაში და 2016 წლის ნატოს ვარშავის სამიტთან დაკავშირებით საქართველოს მოლოდინები განიხილეს.
„საინტერესო დიალოგი იყო. ყოველთვის მნიშვნელოვანია ევროპის დედაქალაქებში იმ საზოგადოებასთან საუბარი, რომელიც ერთგვარად ქმნის აზრს, მუშაობს როგორც საკუთარი ქვეყნის მთავრობებთან, ასევე საერთაშორისო ორგანიზაციებთან გადაწყვეტილების მიღების პროცესში. ის მთავრობა, რომლის წევრიც მე ვარ, არასდროს იშურებს დროს და ენერგიას, რაც შეიძლება მეტ ადამიანს შევხვდეთ და მივაწოდოთ საქართველოს წუხილი და გამოწვევები, ერთად ვეძებოთ გამოსავალი. დარწმუნებული ვარ, ერთობლივი მცდელობით საბოლოო ჯამში გადაწყვეტილებები ჩვენი ქვეყნის სასარგებლოდ მიიღება“,- განაცხადა თინათინ ხიდაშელმა.
გერმანიის მარშალის ფონდის ბრიუსელის ბიუროს აღმასრულებელმა დირექტორმა იან ლესერმა კი აღნიშნა, რომ გერმანიის მარშალის ფონდი საქართველოში მიმდინარე მოვლენებს ყურადღებით ადევნებს თვალს.
„ძალიან მოხარულები ვართ, რომ დღეს ფონდში სტუმრად გვყავს თავდაცვის მინისტრი და ჯეიმი ში ნატოდან. მნიშვნელოვანია, რომ მოვისმინოთ საქართველოს პერსპექტივა და ვიცოდეთ თუ როგორ ვითარდება მოვლენები ნატოსთან თანამშრომლობის კუთხით. გერმანიის მარშალის ფონდი ძალიან დაინტერსებულია საქართველოს საკითხით, ნატოს გაფართოების თემით და შესაბამისად, ამ თემაზე დისკუსიები ძალიან მნიშვნელოვანია“, - განაცხადა იან ლესერმა.