კაჭრეთში, სასტუმრო „ამბასადორში“ ეროვნული თავდაცვის უმაღლესი კურსი ოფიციალურად გაიხსნა. საქართველოს თავდაცვის მინისტრის მოადგილე ბესიკ ლოლაძე კურსის მონაწილეებს მიესალმა და მის მნიშვნელობაზე გაამახვილა ყურადღება: „დღეს ეროვნული თავდაცვის უმაღლესი კურსი დაიწყო. გუშინ კურსის მონაწილეები ეროვნულ სასწავლო ცენტრ „კრწანისს“ სტუმრობდნენ. საკმაოდ შთამბეჭდავი იყო ეს სტუმრობა მათთვის. დღეს ძალიან მნიშვნელოვან თემებზე იქნება საუბარი, კონკრეტულად ეს არის საერთაშორისო უსაფრთხოების სხვადასხვა ასპექტები. ასევე ძალიან საინტერესო თემები იქნება განხილული მომდევნო დღეებში, როგორიცაა საქართველოს ნატოში ინტეგრაცია, ეროვნული თავდაცვისა და უსაფრთხოების სისტემა და სამოქალაქო საზოგადოების ჩართულობა უსაფრთხოების უზრუნველყოფაში. მოველით, რომ იქნება ძალიან საინტერესო განხილვები და დისკუსიები.“
ეროვნული თავდაცვის უმაღლესი კურსის პირველი დღე თანამედროვე საერთაშორისო და ეროვნული უსაფრთხოების სისტემასა და პოლიტიკაზე, ეკონომიკურ უსაფრთხოებასა და ენერგეტიკურ ასპექტებზე, ასევე საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებსა და მეზობელ ქვეყნებთან საქართველოს ურთიერთობებზე მსჯელობას ეთმობა. პირველი მოხსენება საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭოს თავდაცვისა და სამხედრო აღმშენებლობის საკითხთა დეპარტამენტის უფროსის მოადგილემ, ლაშა ძებისაშვილმა წარმოადგინა. მან განსაკუთრებული ყურადღება საქართველოს უსაფრთხოების გამოწვევებზე, კონვენციურ საფრთხეებსა და ტერორიზმზე გაამახვილა და აღნიშნა, რომ ქვეყნის უსაფრთხოების უზრუნველყოფის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი გარანტი სათანადო საჰაერო თავდაცვითი სისტემები, კარგად გაწვრთნილი პროფესიული არმია და სპეციალური ოპერაციების ძალებია.
საერთაშორისო ეკონომიკურ უსაფრთხოებას, ენერგეტიკულ ასპექტებსა და მათ გავლენას საქართველოზე ეკონომიკის საკითხებში ექსპერტი კონსტანტინე სულამანიძე და ენერგეტიკის სამინისტროს ენერგეტიკული დეპარტამენტის უფროსის მოადგილე გიორგი შუკაკიძე შეეხნენ. საქართველოს ეროვნული უსაფრთხოების გარემოზე ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივნის მოადგილე ივლიანე ხაინდრავა ისაუბრებს. ხოლო საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებსა და მეზობელ ქვეყნებთან ურთიერთობებზე, უკრაინა-რუსეთის კონფლიქტსა და გამოწვევებზე შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის პირველი მოადგილე ქეთევან ციხელაშვილი და სტრატეგიული კვლევების ცენტრის დირექტორი ირაკლი მენაღარიშვილი გაამახვილებენ ყურადღებას.
სემინარის პირველი დღის დასასრულს მონაწილეები ჯგუფებად დაიყოფიან და სიმულაციურ კრიზისულ სცენარზე დაიწყებენ მუშაობას.
ეროვნული თავდაცვის უმაღლესი კურსი სკანდინავიისა და ბალტიისპირეთის ქვეყნებში ადაპტირებული კურსების მსგავსად ჩამოყალიბდა და წელს უკვე მეოთხედ ტარდება. კურსის მიზანია საქართველოს უსაფრთხოების სისტემის მიმოხილვა რეგიონულ და საერთაშორისო კონტექსტში, ასევე, ქვეყნის თითოეული მოქალაქის როლისა და პასუხისმგებლობის ანალიზი ეროვნული თავდაცვისა და უსაფრთხოების სისტემის ფორმირების პროცესში.