საქართველოს თავდაცვის მინისტრი თინათინ ხიდაშელი ბელგიელ კოლეგას შეხვდა. ორმხრივი შეხვედრა ბრიუსელში, თავდაცვის მინისტრის რეზიდენციაში გაიმართა. სტივენ ვანდეპუტს თინათინ ხიდაშელი თავდაცვის მინისტრის რანგში პირველად შეხვდა. შეხვედრაზე საქართველოსა და ბელგიის სამეფოს შორის თავდაცვის სფეროში ორმხრივი თანამშრომლობის საკითხები და სამომავლო გეგმები განიხილეს. სტივენ ვანდეპუტმა მზადყოფნა გამოთქვა, არსებული ურთიერთობები კიდევ უფრო გაძლიერდეს. შეხვედრაზე საქართველოს ნატოში გაწევრიანების პერსპექტივებზე ისაუბრეს. ბელგიის თავდაცვის მინისტრმა კიდევ ერთხელ დაადასტურა საქართველოს ევროატლანტიკური მისწრაფებების მხარდაჭერა და მზადყოფნა გამოთქვა, ბელგიამ მეტი წვლილი შეიტანოს ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის იმპლემენტაციაში. შეხვედრაზე მხარეებმა რეგიონული უსაფრთხოების საკითხებიც მიმოიხილეს. ბელგიის თავდაცვის მინისტრმა საქართველოს ნატოსა და ევროკავშირის ეგიდით წარმოებულ სამშვიდობო მისიებში მონაწილეობისთვის მადლობა გადაუხადა.
„ვისაუბრეთ ორმხრივი თანამშრომლობის ფორმატში შესაძლებლობების ზრდაზე. ჩვენ ბელგიასთან საკმაოდ შეზღუდული პარტნიორობა გვაქვს და ვფიქრობთ, რომ პაკეტი, რომელსაც ორმხრივად საქართველო-ნატო ახორციელებს საუკეთესო საშუალებაა მხარდაჭერის, მობილიზების და გაფართოებისთვის. მივიღეთ წინადადება, რომ კონკრეტულ შეთავაზებების შემთხვევაში ბელგიის თავდაცვის სამინისტროს მხრიდან პოზიციური თანხვედრა იქნება. ამ ეტაპზე მინიმალურ დონეზე ვართ სტრატეგიულ თანამშრომლობაში და მოგვეცა შესაძლებლობა, ბელგიის თავდაცვის სამინისტროს მხრიდან კონკრეტული პროექტების მხარდაჭერა მოვიპოვოთ“, - განაცხადა თინათინ ხიდაშელმა.
შეხვედრის დასასრულს საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ბელგიელი კოლეგა საქართველოში მოიწვია.