საქართველოს თავდაცვის მინისტრი ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში გერმანელ კოლეგას შეხვდა. თინათინ ხიდაშელმა და ურსულა ფონ დერ ლეიენმა საერთაშორისო სამშვიდობო მისიებში ქართველი სამხედროების მიერ შეტანილ წვლილზე, საქართველო-გერმანიისა და საქართველო-ნატოს ურთიერთობებზე იმსჯელეს. საქართველოს თავდაცვის მინისტრის განცხადებით, გერმანული მხარე საქართველოს მიმართ მხარდაჭერას კიდევ ერთხელ ადასტურებს.
კოლეგასთან შეხვედრის შემდეგ თავდაცვის მინისტრს საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის სფეროში ფედერალური კანცლერის მრჩეველმა, ქრისტოფ ჰოისგენმა უმასპინძლა. განხილვის მთავარი თემა იყო ვიზალიბერალიზაცია. მინისტრის განცხადებით, გერმანიის ხელისუფლების პოზიცია ცალსახაა და თუკი ევროკომისიის ანგარიში პოზიტიური იქნება, ისინი მზად არიან, მხარი დაუჭირონ გადაწყვეტილებას.
„პოზიტიური შეხვედრები იყო როგორც გერმანიის თავდაცვის სამინისტროში, ასევე კანცლერის ოფისში. თავდაცვის მინისტრმა კიდევ ერთხელ დაადასტურა სრული მხარდაჭერა საქართველოს მიმართ. რა თქმა უნდა, მადლობა გადაგვიხადა მსოფლიო უსაფრთხოებისთვის გაღებული კონტრიბუციისთვის. მოგეხსენებათ, ქართული კონტინგენტი, სწორედ, გერმანული სარდლობის ქვეშ არის ავღანეთში ერთ-ერთ ბაზაზე. ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ეს პროგრესი და დინამიკა მუდმივად იყოს და დარწმუნებული ვარ, გერმანიის ხელისუფლების მხარდაჭერით მოვახერხებთ, რომ პრაქტიკულად ახალ ნაბიჯზე გადავიყვანოთ როგორც გერმანია-საქართველოს ორმხრივი ურთიერთობები, ასევე, ნატო-საქართველოს ურთიერთობები“, - განაცხადა თინათინ ხიდაშელმა.
დღესვე, თავდაცვის მინისტრი „Airbus“-ის ვიცე პრეზიდენტს, სილვერ დელანეისაც შეხვდა.