საქართველოს თავდაცვის მინისტრის მოადგილის ანა დოლიძის სამუშაო ვიზიტი ბრიუსელში გრძელდება. ვიზიტის მეორე დღე ნატოს შტაბ-ბინაში შეხვედრებს დაეთმო.
გენდერის, მშვიდობისა და უსაფრთხოების საკითხებში ნატოს გენერალური მდივნის სპეციალურ წარმომადგენელთან, ელჩ მარიეტ შურმანთან შეხვედრისას ანა დოლიძემ ეროვნულ დონეზე და კერძოდ, თავდაცვის სამინისტროში გენდერული თანასწორობის პოლიტიკაზე ისაუბრა. მინისტრის მოადგილემ აღნიშნა, რომ თავდაცვის უწყების სამოქალაქო ოფისში ქალთა 46 პროცენტია დასაქმებული. „ეს კარგი მაჩვენებელია. თუმცა, საქართველოს შეიარაღებულ ძალებშიც, ამ მხრივ, მდგომარეობა გასაუმჯობესებელია. გენდერული თანასწორობის პოლიტიკის მიმართულება სამინისტროს ერთ-ერთი პრიორიტეტია,“ - განაცხადა ანა დოლიძემ.
შეხვედრაზე მარიეტ შურმანმა აღნიშნა, რომ საქართველო გენდერული თანასწორობის საკითხში მოწინავე ქვეყანაა და მისი მაგალითის გაზიარება სხვა ბევრი ქვეყნისთვის სასარგებლო იქნება. მან გენდერული საკითხების შესახებ ნატოს გენერალური მდივნის ყოველწლიურ საჯარო ანგარიშზეც ისაუბრა. მარიეტ შურმანის განცხადებით, დოკუმენტი, რომელზეც მუშაობა ამჟამად მიმდინარეობს, 2016 წელს გამოქვეყნდება და მასში გენდერული თანასწორობის პოლიტიკის კუთხით საქართველოს მიერ მიღწეული პროგრესიც იქნება ასახული.