ბელგიის სამეფოში ევროპის თავდაცვისა და უსაფრთხოების კოლეჯის (ESDC) მიერ ორგანიზებული კონფერენცია - „საერთო უსაფრთხოებისა და თავდაცვის პოლიტიკის (CSDP) ბოლოდროინდელი განვითარება და მათი პოტენციური გავლენა წვრთნაზე“ გაიმართა. ფორუმში მონაწილეობა საქართველოს თავდაცვის მინისტრის მოადგილემ ანა დოლიძემ და დავით აღმაშენებლის სახელობის საქართველოს ეროვნული თავდაცვის აკადემიის წარმომადგენლებმა მიიღეს. კონფერენციას ევროკავშირის წევრი ქვეყნების სასწავლო დაწესებულებების წარმომადგენლებიც დაესწრნენ.
შეხვედრის მთავარი თემა ევროკავშირის ერთიანი თავდაცვისა და უსაფრთხოების პოლიტიკის (CSDP) ფარგლებში წარმოებული სამხედრო და სამოქალაქო მისიები, მიღებული გამოცდილება და ამ გამოცდილების გათვალისწინებით საჭირო წვრთნების დაგეგმვა იყო.
ფორუმზე საქართველოს თავდაცვის ეროვნული აკადემიის წარმომადგენლებმა საქართველოში არსებული სამხედრო განათლების სისტემის შესახებ პრეზენტაცია გამართეს და თანამშრომლობის კონკრეტული სფეროები წარმოადგინეს, რომელიც მნიშვნელოვანი იქნება როგორც ევროპის თადაცვისა და უსაფრთხოების კოლეჯისთვის, ასევე წევრი ქვეყნების სასწავლო დაწესებულებებისათვის. „საქართველოს თავდაცვის სამინისტრო ევროკავშირის თავდაცვისა და უსაფრთხოების პოლიტიკის ფარგლებში ბევრ საკითხში აქტიურად თანამშრომლობს, თუმცა განათლების ნაწილში თანამშრომლობა გასაუმჯობესებელია და ევროპის უმაღლესი სასწავლო დაწესებულებების შეკრება ამისთვის კარგი საფუძველია, “ - აღნიშნა ანა დოლიძემ.
შეხვედრაზე ასევე აღინიშნა, რომ 8-10 დეკემბერს თბილისში დაგეგმილი ევროკავშირის უსაფრთხოებისა და თავდაცვის პოლიტიკის მაღალი დონის კონფერენცია მოლაპარაკებების შემდგომი ეტაპის წარმოების შესაძლებლობა იქნება.
კონფერენციაზე განხილვის ერთ-ერთი მთავარი თემა ჰიბრიდული ომებისა და პროპაგანდასთან ბრძოლის საკითხები იყო. მონაწილეებმა რუსეთის მიერ უკრაინაში წარმოებული პროპაგანდისტული კამპანია ჰიბრიდული ომის ცალკე მაგალითად განიხილეს.
ბელგიის სამეფოში სამუშაო ვიზიტს ანა დოლიძე ნატოს შტაბ-ბიანში შეხვედრებით დაასრულებს.