გერმანიაში ვიზიტისას საქართველოს თავდაცვის მინისტრი თინათინ ხიდაშელი ბუნდესტაგის თავდაცვის კომიტეტის თავმჯდომარეს, ვოლფგანგ ჰელმიხს შეხვდა. შეხვედრაზე ორმხრივი თანამშრომლობის გეგმებზე, საქართველოს ნატოში ინტეგრაციის პერსპექტივებსა და მომავალ წელს ვარშავაში დაგეგმილ ნატოს სამიტზე ისაუბრეს. განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის განხორციელების საკითხზე. მხარეებმა საქართველო-ევროკავშირის თანამშრომლობის მიმართულებებსა და ასოცირების ხელშეკრულების მნიშვნელობაზეც იმსჯელეს. საუბარი შეეხო გლობალური უსაფრთხოების გამოწვევებსა და ტერორიზმის საფრთხეს. საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ბუნდესტაგის თავდაცვის კომიტეტის თავმჯდომარესთან საერთაშორისო მისიებში მონაწილეობის საკითხიც განიხილა. ვოლფგანგ ჰელმიხმა საქართველოს მადლობა გადაუხადა საერთაშორისო უსაფრთხოების უზრუნველყოფაში შეტანილი წვლილისთვის და მზადყოფნისათვის - 2016 წლის ბოლომდე გააგრძელოს ავღანეთის მისიაში მონაწილეობა გერმანელ სამხედრო მოსამსახურეებთან ერთად. შეხვედრის დასასრულს თინათინ ხიდაშელმა გერმანულ მხარეს ბუნდესტაგის მიერ აღმოჩენილი მხარდაჭერისათვის მადლობა გადაუხადა და ვოლფგანგ ჰელმიხი საქართველოში მოიწვია.
„ბუნდესტაგის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტში ძირითადად პოლიტიკურ საკითხებზე, გერმანიის პოლიტიკურ წრეებში არსებულ განწყობებსა და შესაძლებლობებზე ვისაუბრეთ. განვიხილეთ, თუ რა არგუმენტები სჭირდება ქვეყანას მისი პარტნიორების დასარწმუნებლად საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე. კომიტეტის თავმჯდომარე საქართველოს დიდი ხნის მეგობარია. ამიტომ, დარწმუნებული ვარ, რომ მისი, ისევე როგორც ამ კომიტეტების წევრების ხმა, იქნება ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ჩვენი ქვეყნისთვის გერმანიის ბუნდესტაგში განხილვის დროს - იქნება ეს ვიზალიბერალიზაციისა თუ ევროკავშირთან ინტეგრაციის თემები, ნატოში საქართველოს ინტეგრაციის თემები თუ გერმანია-საქართველოს ორმხრივ ურთიერთობებში გადასაწყვეტი სხვა მნიშვნელოვანი საკითხები. ვისაუბრეთ ევიზალიბერალიზაციის გზაზე გასავლელ ეტაპებზე, მათ შორის ევროპის სამეზობლო პოლიტიკის ახალ მიმართულებებზე, რომელიც სულ რამდენიმე დღეა ქალბატონმა მოგერინიმ გამოაქვეყნა; გამომდინარე იქიდან, რომ თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტში ვიყავით, ვისაუბრეთ უელსის პაკეტის მიმდინარეობაზე. ის დეტალურად დაინტერესდა პრაქტიკულად ყველა მიმართულებით და ყველა ასპექტით პაკეტის განვითარების და მიმდინარეობის გზაზე, მათ შორის განვიხილეთ ის წინაღობებიც, რომელიც ამ ეტაპისთვის ზოგიერთ კომპონენტში გვაქვს. მნიშვნელოვანია, როდესაც ბუნდესტაგის წამყვანი კომიტეტის თავმჯდომარე ასეთ საკითხებზე დეტალურადაა ინფორმირებული და უნდა პოზიციების შეჯერება. ეს ბუნებრივია, ოპტიმიზმით განგაწყობს და ხვალ და ზეგ, როდესაც ამ თემებზე და საქართველოზე იქნება საუბარი, ის უფრო მომზადებული შეხვდება ნებისმიერ გამოწვევას და დებატს“, - განაცხადა თინათინ ხიდაშელმა.