საქართველოს თავდაცვის მინისტრი თინათინ ხიდაშელი ბუნდესტაგში გამართული შეხვედრის შემდეგ გერმანიის შეიარაღებული ძალების ოპერატიულ სარდლობას ესტუმრა. საქართველოს თავდაცვის სამინისტროს დელეგაციას სარდლობის შტაბის უფროსმა, ბრიგადის გენერალმა პეტერ შტუტცმა უმასპინძლა. შეხვედრას თავდაცვის მინისტრის მოადგილე ბესიკ ლოლაძე, თავდაცვის მინისტრის მრჩეველი შოთა ღვინერია და გერმანიაში საქართველოს ელჩი ლადო ჭანტურია დაესწრნენ. გერმანელმა გენერალმა შეხვედრის მონაწილეებს ბუნდესვერის ოპერატიული ძალების მართვის ცენტრის სტრუქტურა და ფუნქციები გააცნო. შეხვედრაზე საერთაშორისო მისიებში საქართველოს კონტრიბუციაზე ისაუბრეს.
განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო ავღანეთში, „მტკიცე მხარდაჭერის“ მისიაში გერმანიის კონტინგენტთან ერთად მისიაში მონაწილეობის საკითხს. მხარეებმა თანამშრომლობის სამომავლე გეგმებზეც იმსჯელეს.
„ოპერატიულ სარდლობაში შეხვედრა ყველაზე საინტერესო იყო. ჩვენ შევხვდით გერმანიის შეიარაღებული ძალების ხელმძღვანელობას, რომელიც უშუალოდ ავღანეთის მისიის დაგეგმვითაა დაკავებული და მათი ერთ-ერთი მთავარი ფუნქცია ავღანეთის, ისევე როგორც გერმანიის სხვა საერთაშორისო მისიების კოორდინაციაა. ძალიან საინტერესო დისკუსია წარიმართა. ბევრი დეტალია, რომელიც მრავალი წლის განმავლობაში გერმანიის შეიარაღებულ ძალებს ჩამოუყალიბდა. ძალიან მნიშვნელოვანი იქნება, ჩვენც გავითვალისწინოთ მათი გამოცდილება როგორც დაგეგმვის და ოპერატიული საქმიანობის ნაწილში, ასევე სოციალურ ნაწილში, ჩვენს სამხედრო მოსამსახურეებთან და მათ ოჯახებთან ურთიერთობაში“, - განაცხადა თინათინ ხიდაშელმა. როგორც მინისტრმა აღნიშნა, გერმანული მხარის რამდენიმე იდეის განხორციელებას საქართველოს შეიარაღებულ ძალებშიც აპირებს და თბილისში დაბრუნების შემდეგ ამ თემას გენერალური შტაბის ხელმძღვანელობასთან განიხილავს.