საქართველოს თავდაცვის მინისტრის მოადგილემ ანა დოლიძემ ბელგიის სამეფოში სამუშაო ვიზიტი ევროპის საგარეო ქმედებათა სამსახურის კრიზისების მართვისა და დაგეგმვის დირექტორატის ხელმძღვანელთან, გაბორ იკლოდისთან შეხვედრით დაიწყო. შეხვედრაზე საუბარი ევროკავშირის ეგიდით მიმდინარე სამხედრო მისიებში საქართველოს მონაწილეობას შეეხო. გაბორ იკლოდიმ თავდაცვის უწყების წარმომადგენელს მადლობა გადაუხადა მსოფლიოს სტაბილურობისა და უსაფრთხოების უზურნველყოფაში საქართველოს მიერ შეტანილი წვლილისთვის.
განხილვის ერთ-ერთი თემა ევროპის უსაფრთხოების სტრატეგია იყო, რომელზეც მუშაობა ევროკავშირში ამჟამად მიმდინარეობს. დოკუმენტის გამოქვეყნება მომავალი წლის ივნისშია დაგეგმილი. ანა დოლიძემ განაცხადა, რომ საქართველო მზადაა წვლილი შეიტანოს დოკუმენტის შემუშავებაში. შეხვედრაზე აღინიშნა, რომ ევროპის სამეზობლო პოლიტიკის განახლებულ დოკუმენტში დიდი ყურადღება დაეთმო უსაფრთხოების სფეროსა და მეზობელი ქვეყნების უსაფრთხოების საკითხებს.
სამუშაო ვიზიტის ფარგლებში, ანა დოლიძე ბელგიის სამეფოში ავსტრიის მუდმივ წარმომადგენლობასაც ეწვია. „საქართველოსთვის მნიშვნელოვანია ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობის გეგმის შემუშავება. საქართველოს თავდაცვის სამინისტროს კიბერუსაფრთხოების სფეროში ავსტრიის თავდაცვის უწყებასთან ურთიერთობის კარგი გამოცდილება აქვს. თუმცა, მნიშვნელოვანი იქნება თანამშრომლობა სხვა სფეროზეც გავრცელდეს,“ - განაცხადა ანა დოლიძემ ავსტრიელ დიპლომატებთან საუბრისას.
ბელგიის სამეფოში საქართველოს თავდაცვის მინისტრის მოადგილემ ევროპული და უსაფრთხოების თავდაცვის კოლეჯის ხელმძღვანელთან დირკ დუბოისთან გამართა შეხვედრა. მხარეებმა საქართველოს ეროვნული თავდაცვის აკადემიის ევროპული და უსაფრთხოების თავდაცვის კოლეჯთან, ასევე კოლეჯის ქსელში შემავალ 100-მდე უმაღლეს სასწავლებელთან პოტენციური თანამშრომლობის საკითხები განიხილეს. ასევე აღინიშნა, რომ უახლოეს მომავალში საქართველოში ორი მაღალი დონის კონფერენცია გაიმართება, რომელიც ევროპული და უსაფრთხოების თავდაცვის კოლეჯისა და ავსტრიის მთავრობის მხარდაჭერით ჩატარდება.
ბელგიის სამეფოში სამუშაო ვიზიტის მეორე დღეს დაგეგმილია შეხვედრები ნატოს შტაბ-ბინაში.