ბელგიის სამეფოში ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს თავდაცვის მინისტრის მოადგილე ევროკავშირის სამხედრო კომიტეტის ხელმძღვანელს, გენერალ მიხაილ კოსტარაკოსს შეხვდა. ანა დოლიძემ გენერალს ახალ თანამდებობაზე დანიშვნა მიულოცა და წარმატებები უსურვა.
სამხედრო მაღალჩინოსანმა საქართველოს მადლობა გადაუხადა ევროკავშირის ეგიდით წარმოებულ საერთაშორისო მისიებში შეტანილი წვლილისთვის. მან ასევე ხაზი გაუსვა, რომ საქართველო ევროპული ოჯახის საიმედო პარტნიორია და მისი კონტრიბუცია ევროკავშირის ერთიანი თავდაცვისა და უსაფრთხოების პოლიტიკის ეგიდით წარმოებულ მისიებში პოზიტიურად აისახება საქართველოს ევროპულ სტრუქტურაში ინტეგრაციის პროცესზე.
ანა დოლიძემ აღნიშნა, რომ მნიშვნელოვანია მისიებში მონაწილეობის შედეგები მხარეებმა გაანალიზონ და ერთმანეთს გამოცდილება გაუზიარონ. მან მაგალითად მოიყვანა 25 ნოემბერს ბრიუსელში საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის წარმომადგენლებსა და ევროკავშირის სამხედრო შტაბს შორის გამართული შეხვედრა.
შეხვედრის დასასრულს გენერალმა მიხაილ კოსტარაკოსმა განაცხადა, რომ დიდი ინტერესით ელის საქართველოს თავდაცვის მინისტრთან თინათინ ხიდაშელთან შეხვედრას, რომელიც თვის ბოლოს ბრიუსელშია დაგეგმილი.