თავდაცვის მინისტრის მოადგილემ ანა დოლიძემ და გენერალური შტაბის უფროსის მოადგილემ, პოლკოვნიკმა ომარ ბეგოიძემ კლინიკა „კარაპს მედლაინში“ ავღანეთში 2011 წელს დაჭრილი სამხედრო მოსამსახურე ახმედ საფაროვი მოინახულეს.
ახმედ საფაროვს ოპერაცია ხელზე ჩაუტარდა, რომელიც ავღანეთში ნაღმზე აფეთქების შედეგად დაუზიანდა. კერძოდ, ექიმებმა პაციენტს ნაფლეთის გადანერგვით რბილი ქსოვილების რეკოსნტრუქცია და სხივის ძვლის პლასტიკა ოსტეოსინთეზით ჩაუტარეს. ოპერაციის ხარჯები თავდაცვის სამინისტროს სოციალური, სამედიცინო და ფინანსური დახმარების თაობაზე შემოსული კორესპოდენციის განმხილველმა კომისიამ გამოყო. ახმედ საფაროვი ოპერაციის შემდგომ რეაბილიტაციის კურსს თავდაცვის სამინისტროს შპს „შშმ პირთა სოციალური რეაბილიტაციის ცენტრში“ გაივლის.
ავღანეთში დაჭრილი სამხედრო მოსამსახურე, რომელმაც აფეთქების შედეგად ქვედა კიდურები დაკარგა, პარაკანოე კაიაკიში ვარჯიშობს. აგვისტოში კი მან იტალიის ქალაქ მილანში გამართულ პარაკანოე კაიაკის მსოფლიო ჩემპიონატშიც მიიღო მონაწილეობა.
კურსის გავლის შემდეგ, ახმედ საფაროვი კვლავ გააგრძელებს აქტიურ სპორტულ მოღვაწეობას.
თავდაცვის მინისტრის მოადგილემ ანა დოლიძემ ახმედ საფაროვს გამოჯანმრთელება უსურვა, სპორტულ კარიერაში მხარდაჭერას დაპირდა და სამხედრო მოსამსახურეს საჩუქრები გადასცა.
III ქვეითი ბრიგადის 33-ე ბატალიონის რიგითი ახმედ საფაროვი 2011 წლის 26 ოქტომბერს ISAF-ის (საერთაშორისო უსაფრთხოების უზრუნველყოფის ძალები) სამშვიდობო მისიის ფარგლებში, ჰელმანდის პროვინციაში, ამერიკული კონტინგენტის შემადგენლობაში მსახურობის დროს ნაღმზე აფეთქდა და ორივე ქვედა კიდური დაკარგა. საფაროვმა სარეაბილიტაციო კურსი ვაშინგტონში, ვოლტერ რიდის სამხედრო ჰოსპიტალში გაიარა.